მედიის ცნობით, ელისეს სასახლის განცხადებით, მიესალმებიან კრემლის განცხადებას, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზად არის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებები გამართოს.
პარასკევს, სამიტის შემდეგ, რომელზეც ევროკავშირი უკრაინის მხარდასაჭერად 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფაზე შეთანხმდა, მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპამ რუსეთის ლიდერთან პირდაპირი ურთიერთობის გზა უნდა მოძებნოს. კრემლმა მხარი დაუჭირა ამ იდეას.
„მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კრემლმა საჯაროდ თანხმობა განაცხადა ამ მიდგომაზე. უახლოეს დღეებში საუკეთესო მოქმედების გეგმას გავაცნობთ“, - ნათქვამია ელისეს სასახლის განცხადებაში.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ მოსკოვთან ნებისმიერი განხილვა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ პარტნიორებთან „სრული გამჭვირვალობის პირობებში“ გაიმართება და მიზანი უკრაინელებისთვის „მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის“ მიღწევა იქნება.
19 დეკემბერს, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა მოუწოდა ევროპელებს, მოძებნონ გზები, რათა „გამჭვირვალე ფორმით და უკრაინასთან თანამშრომლობით ხელახლა დაუწყონ დიალოგი რუსეთთან“.
მოგვიანებით, კრემლმა განაცხადა, რომ პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან დიალოგისთვის მზად არის.