საქართველოს მიმართ გაეროს რეკომენდაციებიდან ხუთი არარაციონალური და არაარგუმენტირებული იყო.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა გაეროს მიერ საქართველოსთვის ადამიანის უფლების დაცვის კუთხით მიცემული რეკომენდაციების შეფასებისას განუცხადა.
"გაეროს ადამიანის უფლების დაცვის საბჭოზე ცალსახად დაფიქსირებული იყო ის წარმატება, რომელიც საქართველოს აქვს ადამიანის უფლების დაცვის კუთხით მიღწეული, თუმცა შემდგომი მუშაობის საჭიროება რომ არსებობს, ამაზე ყველა ვთანხმდებით. მათი რეკომენდაციებიდან კი ხუთზე უარი იმიტომ ვთქვით, რომ არ იყო რაციონალური და არგუმენტირებული მითითებები. მაგალითად, როგორც იყო შრომით კანონმდებლობაში განსაკუთრებული იწყებს შექმნა შრომითი უფლებების გასაკონტროლებლად. ჩვენ გვაქვს ლიბერალური შრომის კოდექსი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ეფექტურად და სწრაფად დასაქმდნენ და არ ვაპირებთ ამის შეცვლას", - აღნიშნა მინაშვილმა.
მისივე თქმით, ქართული მხარე ასევე ვერ გაიზიარებდა ადმინისტრაციული პატიმრობის შემცირების შესახებ მიცემულ რეკომენდაციას, რადგან ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში ადმინისტრაციული პატიმრობა ერთი წლის ვადით განისაზღვრება, ხოლო საქართველოში 90 დღე არის პატიმრობის მაქსიმალური ვადა და მას სასამართლო იშვიათად იყენებს პრაქტიკაში.
რაც შეეხება ეთნიკური უმცირესობისგან საქართველოში მტრის ხატის შექმნას, უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ ეთნიკური უმცირესობების უფლების დარღვევაზე ძირითადად რუსეთი საუბრობს.
"ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის იყო ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია ქართულ სახელმწიფოში და ამ მიმართულებით ბევრი გაკეთდა, რადგან ჩვენ არ ვანსხვავებთ ადამიანებს ეთნიკური ნიშნით. ყველა საქართველოს მოქალაქეა, რომლებიც სახელმწიფოს აძლიერებენ", აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ამასთან, მინაშვილის თქმით, საბჭოს მიერ მითითება იყო ასევე სასამართლო რეფორმის გაგრძელებაზე, ასევე უნდა გაფართოვდეს საკანონმდებლო ჩარჩო ბავშვებისა და ქალების უფლებების დასაცავად.
"უნდა გავაგრძელოთ მედიის კუთხით რეფორმები. ამიტომ 90 რეკომენდაციის გათვალისწინებაზე თანხმობა მივეცით, ხოლო დაახლებით 60-ზე ვმუშაობთ და დამატებით ინფორმაციის მივაწვდით ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს", - აღნიშნა მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გაერომ საქართველოს ადამიანის უფლების დაცვის კუთხით 163 რეკომენდაცია მისცა. აქედან ქართულმა მხარემ 5 რეკომენდაციის შესრულებაზე უარი თქვა, მათ შორის ადმინისტრაციული პატიმრობის 90 დღიდან 60 დღემდე შემცირებაზე და საქართველოში ეთნიკური უმცირესობებისგან მტრის ხატის შექმნაზე.
ქართული მხარის შეფასებით, აღნიშნული რეკომენდაციას საქართველო ვერ შეასრულებს, რადგანაც საქართველოში ეთნიკური უმცირესობისგან მტრის ხატი არასდროს შექმნილა.