რაც გუშინ ვიხილეთ: "ორკების" თავყრილობა, გინება, ლანძღვა, ძალადობა, ფაშისტური ყიჟინა, არის ის საქართველო, რომელიც გერმანიის ელჩს უნდა, რომ აქ ნახოს - პეტერ ფიშერს აქვს შესაძლებლობა, გადახარშოს, ჩამოყალიბდეს, გაემიჯნოს - არ გაემიჯნება?! ე.ი. ამ ორკების ძალადობის თანამონაწილეა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
"გუშინ ამ „ნაცი“ ორკების თავყრილობის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო ის ექსტრემისტული დაჯგუფება, რომელიც გუშინ წინ, გერმანიის ელჩმა თავისთან მიიღო, ინტერვიუც კი მისცა და პოზირებდა ამ ექსტრემისტ ადამიანთან ერთად. სოციალურ მედიაში პოსტები დაწერა და თქვა, საქართველოს მომავალი კარგ ხელშიაო. რაც გუშინ ვიხილეთ: „ორკების“ თავყრილობა, გინება, ლანძღვა, ძალადობა, ფაშისტური ყიჟინა და ა.შ. არის ის საქართველო, რომელიც გერმანიის ელჩს უნდა, რომ აქ ნახოს. ეს არის გერმანიის ელჩის სანატრელი საქართველო და სახე. ეს არის სინამდვილეში, რაც უნდათ, რომ საქართველოში დაატრიალონ. გერმანიის ელჩს ახლა აქვს შესაძლებლობა, ეს ყველაფერი გადახარშოს და თქვას, რომ ემიჯნება, არ იცოდა ვისთან ჰქონდა საქმე, ან ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს არის მიზანმიმართული მხარდაჭერა ექსტრემისტული ჯგუფებისა, რომლებიც ადამიანის დეჰუმანიზებას ეწევიან. ადამიანის დეჰუმანიზებას რომელი იდეოლოგია ეწევა, ამას არ ვახსენებ გერმანიის პატივისცემის გამო. პეტერ ფიშერს აქვს შესაძლებლობა გადახარშოს, ჩამოყალიბდეს, გაემიჯნოს. არ გაემიჯნება?! ე.ი. არის თანამონაწილე ამ ორკების ძალადობის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.