სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გრძელვადიანი პაემნის ღირებულება 60 ლარს შეადგენს, _ ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, ევროპულ სასჯელაღსულების დაწესებულებებშიც კი გრძელვადიანი პაემნები ფუფუნებად ითვლება და, საკმაოდ, ძვირადღირებულია. თუმცა, სამინისტრომ გაითვალისწინა პატიმრების მდგომარეობა და შეეცადა გრძელვადიანი პაემნის ფასი მინიმალური ყოფილიყო. საბოლოო ჯამში, სავარაუდოდ 60 ლარს შეადგენს.
"2010 წლის 1-ელ ოქტომბერს მიღებულ პატიმრების შესახებ კოდექსში პირველად გაჩნდა ცნება გრძელვადიანი პაემნები, რომელიც 2012 წლისთვის იყო გათვალისწინებული მხოლოდ არასრულწლოვანთა დაწესებულებაში. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ პატიმრების რესოციალიზაციას, გადავწყვიტეთ ვადა გადმოგვეწია და მათ უკვე საშუალება მიეცემა მიმდინარე წლის 1-ლი მარტიდან გრძელვადიანი პაემანი განახორციელონ მშობლებთან, მეუღლესთან, შვილებთან და შვილად ამყვანთან", - აღნიშნა კალმახელიძემ.
მინისტრის განმარტებით, გრძელვადიანი პაემნის ხანგრძლივობა 24 საათს შეადგენს, რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, კალმახელიძის თქმით, გრძელვადიანი პაემნებისთვის აშენდა 3-ვარსკვლავიანი ტიპის სასტუმროები, სადაც პატიმრებს და მის სტუმრებს მაღალ დონეზე მოემსახურებიან. ექნებათ სამჯერადი კვება, ხოლო მცირეწლოვანი ბავშვებისთვის მოეწყობა სათამაშო მოედნები. ამასთან გრძელვადიანი პაემნებისთვის აშენებულ შენობებს ექნებათ ეზო.
"ჩვენ შევისწავლეთ ევროპაში გრძელვადიანი პაემნებისთვის არსებული ინფრასტრუქტურა და შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს მიერ შექმნილი გაცილებით კომფორტული და ჰუმანურია ვიდრე ევროპულ ქვეყნებში, რადგან იქ ხშირად არ არის გარეთ გასასეირნებლად ეზოები და ძირითადად გადახურული საკნისებურ ოთახებს წარმოადგენს" - აღნიშნა კალმახელიძემ.
მინისტრის თქმით, პატიმრებს გრძელვადიანი პაემნებით სარგებლობა წელიწადში ორჯერ, ხოლო წახალისების მიზნით სამჯერ, ხოლო არასრულწლოვნებს 3 ჯერ და წახალისების მიზნით 4 ჯერ შეეძლებათ. თუმცა ის პატიმრები, ვინც იმყოფებიან საკარანტინო რეჟიმში სადისციპლინო ან ადმინსტრაციული საჯელი აქვთ დაკისრებული, მათ გრძელვადიანი პაემნის უფლება არ მიეცემათ. ამ დროისთვის გრძელვადიანი პაემნებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მშენებლობა უკვე დასრულებულია არასრულწლოვანთა 11 სასჯელაღსრულებს დაწესებულებაში, ასევე რუსთავის მე-6 საპყრობილეში, რომელთაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი და ასევე რუსთავის მე-16 დაწესებულებაში.