უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ რუსეთიდან ნატო-ს ქვეყნებისთვის რეალურ სამხედრო საფრთხეს ვერ ხედავს, რადგან მან უკრაინაში სასურველის მიღწევა ვერ შეძლო, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინა „ომს აგებს“.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მას არ ეშინია რუსეთ-უკრაინის ომის გლობალურ ფორმატში გადასვლის.
„რუსები ამისთვის ძალიან სუსტები არიან. მათ უკრაინის დამარცხებაც კი არ შეუძლიათ, ამიტომ ნატო-ზე თავდასხმა ნამდვილად არ შეუძლიათ“, - თქვა მან.
ამავდროულად, სხვა შეკითხვის საპასუხოდ, მან განაცხადა, რომ უკრაინა „ომს აგებს“ და რომ მისი დასრულების რეალური მოლაპარაკებები რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გაიმართება.
„ვერც ევროპა და ვერც უკრაინა ვერ შეძლებენ რუსეთთან შეთანხმების მიღწევას. უკრაინა - იმიტომ, რომ ომს წააგებს, ევროპა კი - იმიტომ, რომ ზედმეტად არის ჩართული მასში. ეს უნდა იყოს შეთანხმება რუსებსა და ამერიკელებს შორის“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.