უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მოსკოვი მხოლოდ საერთაშორისო ასპარეზზე ძალის დემონსტრირებაზე რეაგირებს და ევროპას თავისი ძალაუფლების გაზრდა სჭირდება.
„მე ვფიქრობ, რომ რუსებს მხოლოდ ძალის ენა ესმით. ევროპა გრძელვადიან პერსპექტივაში ძლიერი უნდა იყოს, აუცილებელია რუსეთთან სტრატეგიული შეთანხმება“, - განაცხადა მან ფრანგულ ტელეარხ LCI-სთან ინტერვიუში.
ამავდროულად, მან გაიმეორა თავისი მოსაზრება, რომ კიევი „არ იმსახურებს ნატო-ს ან ევროკავშირის წევრობას“.
მან თავისი პოზიცია იმით გაამართლა, რომ ასეთ სცენარში უნგრეთი და ევროკავშირი რუსეთთან პირდაპირი ომის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ.
„ვფიქრობ, ჩვენ უკრაინის ისტორია ფრანგებზე ცოტა უკეთ გვესმის. ჩვენ გვჯერა, რომ რუსები არ უნდა მოგვწონდეს, მაგრამ მათთან მოლაპარაკება უნდა ვაწარმოოთ“, - აღნიშნა ორბანმა.
შეგახსენებთ, ორბანმა ასევე განაცხადა, რომ „რუსები ძალიან სუსტები არიან ნატო-ზე თავდასხმისთვის, მათ უკრაინის დამარცხებაც კი არ შეუძლიათ“.