ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენმა“ (პსჟ) გამარჯვების საზეიმოდ აღნიშვნის დროს საფრანგეთში პოლიციამ 559 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. პარიზის პოლიციის ხელმძღვანელის, ლორან ნუნიესის განცხადებით, ამჟამად პატიმრობაში რჩება, სულ მცირე, 323 ადამიანი.
არეულობის დროს ორი ადამიანი დაიღუპა და 192 დაშავდა.
პსჟ-ისა და მილანის „ინტერს“ შორის მატჩი მიუნხენში გაიმართა, თუმცა ფინალს პარიზში, პსჟ-ის სტადიონზე, „პარკ დე პრენსზე“, დიდ ეკრანზე დაახლოებით 48 000 გულშემატკივარი ადევნებდა თვალს.
შანზ-ელიზეს გამზირზე შეკრებილმა ზეიმის მონაწილეებმა ავტობუსების გაჩერებები დაამსხვრიეს და სპეცრაზმს პიროტექნიკა ესროლეს. სპეცრაზმმა კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
არეულობის შედეგად ასობით ხანძრის კერა გაჩნდა, დაიწვა 200-ზე მეტი ავტომობილი, დაშავდა უსაფრთხოების ძალების 22 წევრი და 7 მეხანძრე.