უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგს შეხვდა.
ერმაკმა აღნიშნა, რომ ის კელოგს თავის გუნდთან ერთად შეხვდა.
„ჩვენ განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება, სტამბოლში გამართული შეხვედრების შედეგები, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისა და უკრაინისთვის თავდაცვის დახმარების მნიშვნელობა. ასევე ვისაუბრეთ რუსეთის მიერ გატაცებულ ბავშვებზე“, - აღნიშნა ერმაკმა.
ერმაკის თქმით, კელოგს განუცხადა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა არ შეწყვიტოს ცეცხლი და ეს „ძალით უნდა შეაჩერონ“.
„უკრაინამ ყველაფერი გააკეთა ომის დასამთავრებლად. რუსეთი ნებაყოფლობით თუ არ წყვეტს ცეცხლს, ჩვენ იძულებული ვართ, ჩავატაროთ ოპერაციები და გავანადგუროთ მათი სამხედრო პოტენციალი“, – განაცხადა ერმაკმა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის განმარტებით, მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ამერიკელ ხალხს და ორივე პარტიას უკრაინის მხარდაჭერისთვის.
შეგახსენებთ, დღეს უკრაინის დელეგაცია ეკონომიკის მინისტრ, იულია სვირიდენკოს ხელმძღვანელობით აშშ-ში დონალდ ტრამპის გუნდის წარმომადგენლებთან შესახვედრად ჩავიდა.