ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა დიკ სხოოფმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს მას შემდეგ, რაც მისმა სამთავრობო კოალიციამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. მან ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნიდერლანდების მთავრობის ორსაათიანი საგანგებო სხდომის შემდეგ, სხოოფმა გამოაცხადა, რომ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.
შემდეგ, ნიდერლანდების მთავრობის მეთაურმა ოფიციალურად უნდა წარუდგინოს გადადგომის წერილი მეფე უილემ-ალექსანდრს, რის შემდეგაც მინისტრები საბოლოოდ დაკარგავენ უფლებამოსილებებს.
სხოოფმა განაცხადა, რომ ახალი მთავრობის დანიშვნამდე ის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას შეასრულებს, ვიდრე, ახალი მთავრობა არ დაინიშნება, რათა იმუშაოს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა საერთაშორისო უსაფრთხოება, შეერთებულ შტატებთან ვაჭრობა და შიდა საკითხები.
მთავრობის დაშლა ნიდერლანდებში, სავარაუდოდ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას გამოიწვევს. არჩევნები, სავარაუდოდ, ოქტომბრამდე გაიმართება.
ნიდერლანდების ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა, ხეერტ ვილდერსმა მმართველი კოალიციიდან გასვლის შესახებ დღეს განაცხადა, რის შედეგადაც მმართველმა კოალიციამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. „თავისუფლების პარტიის“ კოალიციიდან გასვლის მიზეზი მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით უთანხმოება გახდა.
მიგრაცია ნიდერლანდებში მწვავე საკითხია და 2023 წლის შემოდგომაზე გამართული ბოლო საარჩევნო კამპანიის დროს დომინირებდა, რამაც ყოფილი პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს მთავრობის მარცხი გამოიწვია.