თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო გამკაცრებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
ლევიტს სთხოვეს კომენტარის გაკეთება ტრამპის დამოკიდებულებაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების ინიციატივის მიმართ, რომელსაც კონგრესის ორივე პალატის მხარდაჭერა აქვს.
ლევიტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა „გონივრულად შეინახა“ სანქციები „საჭიროების შემთხვევაში, როგორც ინსტრუმენტი თავის არსენალში“ და ხაზი გაუსვა უკრაინასა და რუსეთს შორის სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებს.
„მინდა ყველას შევახსენო, თუ რამდენს მივაღწიეთ სულ რაღაც ოთხ თვეში. გასულ წელს, ამ დროს, წარმოუდგენელი იყო რუსეთისა და უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებები“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მოხდა „ზუსტად ტრამპის შეუპოვრობისა და მონდომების წყალობით“.
„ამიტომ, ის მზადაა საჭიროების შემთხვევაში სანქციები გამოიყენოს. როგორც სენატში, ასევე კაპიტოლიუმში ესმით, რომ პრეზიდენტი არის მთავარსარდალი და წარმართავს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას, როგორც ეს უნდა იყოს“, - თქვა ლევიტმა.
შეგახსენებთ, რომ საუბარია კანონპროექტზე, რომელიც წარადგინეს სენატორებმა რიჩარდ ბლუმენტალმა (დემოკრატი) და ლინდსი გრემმა (რესპუბლიკელი) 80 თანაავტორთან ერთად.
კანონპროექტს 100-დან 82 სენატორი უჭერს მხარს.
კანონპროექტი იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, 500%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.