საფრანგეთის სასამართლომ მსახიობი ჟერარ დეპარდიე ორი ქალის მიმართ სექსუალური ძალადობაში დამნაშავედ ცნო.
მას ერთი წლითა და 6 თვით პირობითი მსჯავრი მიესაჯა.
დეპარდიე დანაშაულს არ აღიარებს.
76 წლის მსახიობს 2021 წელს ფილმის გადაღებების დროს ორი ქალის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.
ეს დეპარდიეს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი პირველი საქმეა, თუმცა დაახლოებით 20 ქალი მას მსგავს ქმედებებში ადანაშაულებს.
ბრალდების მხარე მისთვის 18 თვით პირობით პატიმრობას და 20 ათასი ევროს ოდენობით ჯარიმას ითხოვდა, ასევე სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩამდენი პირების რეესტრში რეგისტრაციას.
მოსარჩელეები არიან ფილმის მხატვარ-დეკორატორი და რეჟისორის ასისტენტი. ისინი აცხადებენ, რომ დეპარდიემ მათ მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა.
თავად მსახიობი აცხადებს, რომ ქალებს, შესაძლოა, შეეხო შემთხვევით მაშინ, როდესაც წონასწორობის დაცვას ცდილობდა.
„ჩემი სახელი ტალახში ამოსვარეს სიცრუითა და ცილისწამებით. სასამართლო პროცესი მსახიობისთვის, შესაძლოა, ძალიან განსაკუთრებული გამოცდილება იყოს. ამ ბრაზის, პოლიციის, პრესის ხილვა, თითქოს სამეცნიერო-ფანტასტიკურ ფილმში ხარ, თუმცა ეს არ არის სამეცნიერო-ფანტასტიკა, ეს ცხოვრებაა“, – განაცხადა მსახიობმა ერთ-ერთი მოსმენის დროს.