აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის რამდენიმეთვიანი არასაჯარო დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად, პუტინის მიმართ რიტორიკა შეცვალა. ამის შესახებ გამოცემა Politico წყაროებზე დაყრდნობით წერს
გამოცემის ცნობით, ტრამპის კურსის შეცვლა ლონდონს, პარიზსა და ვაშინგტონს შორის ხანგრძლივი კოორდინაციის შედეგი იყო.
სტარმერი და მაკრონი ცდილობდნენ აშშ-ის პრეზიდენტის დარწმუნებას, შეემსუბუქებინა ზელენსკიზე ზეწოლა და თავისი ბარზი პუტინისკენ მიემართა, იმ არგუმენტით, რომ პუტინი ტრამპს სულელად წარმოაჩენდა.
„აშშ-ის პრეზიდენტის საჯარო კრიტიკამ პუტინის მიმართ ლონდონისა და პარიზის დიპლომატებს საშუალება მისცა ეფიქრათ, რომ მათი ძალისხმევა ბოლო სამი თვის განმავლობაში, როგორც ჩანს, ნაყოფს იძლევა“, – აღნიშნავს გამოცემა.
გამოცემა იუწყება, რომ ამერიკულ ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებში მთავარი როლი დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯონათან პაუელმა და თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ შეასრულეს. მათი ძალისხმევა კოორდინირებული იყო აშშ-ის ელჩთან დიდ ბრიტანეთში, მარკ ბარნეტთან.
თავის მხრივ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლამმა, განაცხადა, რომ მხოლოდ წელს მას აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან 13 საუბარი ჰქონდა, სტარმერთან და ტრამპთან „თითქმის“ ამდენივე.
„ზელენსკიმ აშკარად მოახერხა რომში ტრამპის აზროვნებაზე გავლენის მოხდენა“, - განაცხადა ბრიტანეთის ერთ-ერთმა ყოფილმა ელჩმა ანონიმურობის დაცვის პირობით.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მუდმივად უსვამენ ხაზს, რომ პუტინი „პატივს არ სცემს [ტრამპს] მის მიერვე გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევით“.
წყარომ მიანიშნა, რომ ეს განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხი გახდა, რადგან ტრამპი „მგრძნობიარეა ადამიანური მსხვერპლის მიმართ - ეს მას ნამდვილად აწუხებს“.
„ამ ეტაპზე ტრამპმა გააცნობიერა, რომ პუტინის ნდობა არ შეიძლება. ეს არის ის, რასაც პრეზიდენტი [მაკრონი] გამუდმებით იმეორებს და ცდილობს ტრამპამდე მიიტანოს. ეს არის ჩვენი ამჟამინდელი სტრატეგია“, - თქვა ფრანგმა მაღალჩინოსანმა.