ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შესანარჩუნებლად სარეზერვო „გეგმა B“-ს ამზადებს იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინასთან დაკავშირებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს შეწყვეტს და მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებას შეეცდება.
The Financial Times-ის ცნობით, ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა.
„კითხვა ისმის, თავად ამერიკელები მოისურვებენ თუ არა წასვლას. ჩვენ ვხედავთ ნიშნებს, რომ ისინი უკრაინის დატოვებას განიხილავენ და რუსეთთან შეთანხმების მიღწევას არ ეცდებიან - რადგან ეს ძალიან რთულია“, - თქვა მან.
კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა მოამზადა „გეგმა B“, რათა შეინარჩუნოს ზეწოლა რუსეთზე, თუ უნგრეთი ივლისში სანქციების გაგრძელებას დაბლოკავს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა წევრი სახელმწიფოს ერთიანობა პრიორიტეტად რჩება.
„გეგმა B არსებობს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ „გეგმა A“-ზე. თუ მაშინვე გადავალთ „გეგმა B“-ზე, ის კიდეც განხორციელდება“, - განაცხადა კალასმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბრიუსელი ვაშინგტონთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან დასავლეთის სანქციების რეჟიმის შესანარჩუნებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ამასთან, კალასმა აღიარა, რომ ევროკავშირის ზოგიერთ დედაქალაქში უკვე მიმდინარეობს დისკუსიები აშშ-ს მაგალითს მიჰყვნენ, თუ ის უკრაინის მოლაპარაკებებიდან გავა და რუსეთთან ურთიერთობებს გადატვირთავს.
„ცხადია, ზოგიერთ ქვეყანაში ასეთი საუბარი მართლაც მიმდინარეობს. და შესაძლოა, არსებობს იმედი, რომ უკრაინის მხარდაჭერა აღარ მოგვიწევს.
„მაგრამ ეს ცრუ იმედია. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი მშპ-ს 9%-ზე მეტს თავდაცვაზე ხარჯავს, მათ კვლავ მოუნდებათ ამ ძალის გამოყენება“, - აღნიშნა მან.
კალასმა განაცხადა, რომ ევროპას შეუძლია დამატებითი ფინანსური ვალდებულებები აიღოს უკრაინის დასახმარებლად, თუ აშშ წავა, თუმცა აღიარა: „რაც შეეხება სამხედრო მხარდაჭერას, ამერიკელების ჩანაცვლება, რა თქმა უნდა, გაცილებით რთული იქნება“.
მისი თქმით, ბრიუსელი და სხვა ევროპული დედაქალაქები აგრძელებენ შეერთებული შტატების დარწმუნებას, რომ ამ ომის შედეგი პირდაპირ გავლენას ახდენს მათ ინტერესებზე.
კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის არცერთი ქვეყანა ყირიმს რუსეთის ნაწილად არ აღიარებს - ეს პუნქტი ამერიკულ წინადადებაშია შეტანილი, მაგრამ კიევისთვის „წითელ ხაზს“ წარმოადგენს.
„მე ვერ ვხედავ, რომ ჩვენ ოდესმე შევძლებთ ამის მიღებას. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია აშშ-ს სახელით ვისაუბროთ. ისინი რას გადაწყვეტენ, მათი საქმეა.“
„ევროპის მხრიდან ჩვენ ეს არაერთხელ გავიმეორეთ: ყირიმი უკრაინაა“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.