შეერთებულმა შტატებმა კიევს გადასცა წინადადებები ომის დასრულების შესახებ. იტყობინება გამოცემა The Wall Street Journal-ი.
გამოცემის ინფორმაციით, წინადადებები მოიცავს მოსკოვისადმი კიევის დათმობებს, მათ შორის ყირიმის ნახევარკუნძულსა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმის შესაძლებლობებს.
ეს წინადადებები თეთრი სახლის მაღალჩინოსნებმა უკრაინელ და ევროპელ მაღალჩინოსნებს წარუდგინეს პარიზში, 17 აპრილს.
ვაშინგტონი კიევისგან წინადადებაზე პასუხს ამ კვირაში, ლონდონში დაგეგმილ შეხვედრაზე ელოდება. მოგვიანებით, თუ მხარეთა პოზიციები დაემთხვა, წინადადებები შესაძლოა მოსკოვს წარედგინოს.
ამავდროულად, The Wall Street Journal-ის წყარო იტყობინება, რომ ამ წინადადებებში, არ არის გათვალისწინებული რუსეთის კონტროლის აღიარება ოკუპირებული დონბასის, ზაპოროჟიესა და ხერსონების რეგიონებზე, თუმცა ამ ტერიტორიებიდან რუსული ჯარების გაყვანა არ არის მოთხოვნილი.
უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ტერიტორიებად აღიარება სამშვიდობო პროცესის დაწყების ერთ-ერთი წინაპირობაა, რომელიც გასულ ზაფხულს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააჟღერა. კიევმა ამ მოთხოვნებს ულტიმატუმი უწოდა. ტერიტორიული დათმობების შესაძლებლობას რუსეთიც და უკრაინაც გამორიცხავენ.
ამასთან, როგორც ამერიკული მედია იუწყება, ვაშინგტონის კიდევ ერთი წინადადებაა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო ტერიტორიებს ნეიტრალური სტატუსი მიენიჭოს და კონტროლი აშშ-ს გადაეცეს.
The Wall Street Journal-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ თეთრი სახლის წინადადებები არის განსახილველი ვარიანტები და არა საბოლოო შეთავაზებები.
თავდაპირველად Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ ყირიმზე რუსეთის კონტროლის აღიარებას განიხილავს, როგორც ფართო სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი. მოგვიანებით, ინფორმაცია CNN-ის წყარომაც დაადასტურა.
The Wall Street Journal-ი აღნიშნავს, რომ თეთრი სახლის წინადადებები ეწინააღმდეგება ვაშინგტონის პოლიტიკას, რომელსაც იგი 9 წელია ყირიმის მიმართ ატარებს.
2014 წელს, როდესაც კრემლმა ყირიმის ანექსია მოახდინა, ვაშინგტონმა რუსეთს სანქციები დაუწესა. ხოლო 2018 წელს მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, რომელიც ტრამპის პირველ ადმინისტრაციაში მსახურობდა, მოსკოვის ქმედებებს საფრთხე უწოდა "დემოკრატიის ფუნდამენტური საერთაშორისო პრინციპისთვის: არცერთ ქვეყანას არ შეუძლია ძალით შეცვალოს მეორეს საზღვრები".
ამავდროულად, აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის ნაწილად აღიარებას.