ერთობა, რომელსაც ჩვენ 5 თვის მანძილზე ხელს ვუწყობდით, ვერ შედგა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში აქციაზე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამ სიყალბის შეთავაზებამ თავისი რესურსი ამოწურა.
„ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანდნენ საზოგადოებრივი ჯგუფები და მე ვიცი, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გარკვეული საუბრები მიმდინარეობს, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც მე-13 წელია ამ ბრძოლაშია, რა თქმა უნდა, თავის პარტიული დღის წესრიგითაც... მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ რეალურად, სამწუხაროდ, ეს ერთობა, რომელსაც ჩვენ 5 თვის მანძილზე ხელს ვუწყობდით, ვერ შედგა ამ ეტაპზე და ამიტომ, ჩემი აზრით, ამ სიყალბის შეთავაზებამ თავისი რესურსი ამოწურა. თუმცა, თუ იქნება საგარეო ფრონტზე, მაგალითად, რაღაც მცდელობა იმის, რომ კვლავ ერთიანი წერილი გაიგზავნოს, თუ ერთიან ფორმატში წარვდგეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, რომელიც რამდენიმე დღეშია - რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფერში მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ბრძოლა თუ უნდა გადავიდეს ახალ ფაზაში, მან ასევე უნდა შეიძინოს განსხვავებული ფორმა და ფაქტია, რომ ეს ვერ მოხდება, ჩემი აზრით, იმ ფორმატში, რა ფორმატიც მორიგ ჯერზე და მერამდენედ დაანონსდა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან რუსთაველის გამზირზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.