სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციების კომენტირებისას განაცხადა, რომ მზად არის არჩევნები ჩაატაროს უახლოეს სამ-ოთხ თვეში, თუ ამას ოპოზიცია მოითხოვს. ამის შესახენ მან ვიდეომიმართვისას ისაუბრა.
სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური შეფასებით, 15 მარტს ბელგრადში გამართულ საპროტესტო აქციებში სულ მცირე 107 000 ადამიანი მონაწილეობდა. თუმცა ამავდროულად, ადგილობრივი ორგანიზაცია „სახალხო შეკრებების არქივი“, რომელიც ქუჩის საპროტესტო აქციებს აკვირდება, აცხადებს, რომ გუშინ ბელგრადის ქუჩებში 275-325 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
სერბეთის პრეზიდენტის თქმით, არეულობებში მონაწილეობისთვის 22 ადამიანი დააკავეს. მისივე თქმით, მათ ბრალი ედებათ სახელმწიფო ქონების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში, პოლიციელებზე თავდასხმაში და სხვა დანაშაულებში. ვუჩიჩის თქმით, დაშავდა 56 ადამიანი.
ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი პოლიციასთან შეტაკებების პროვოცირებას ცდილობდა.
სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის ახალი არჩევნებისთვის უახლოეს სამ-ოთხ თვეში, თუ ამას ოპოზიცია მოითხოვს. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი აზრით, ეს არჩევნები მას კიდევ უფრო დამაჯერებელ გამარჯვებას მოუტანს.
სერბეთის პრეზიდენტმა ყურადღება ოპოზიციური მედიის საინფორმაციო კამპანიაზეც გაამახვილა და მას სერბეთში „ფერადი რევოლუციის“ მოწყობის მცდელობა უწოდა.
სერბეთის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა დასავლური მედია და ოპოზიცია საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მანიპულაციისა და დეზინფორმაციისთვის.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ იცის კრიმინალური ჯგუფების შესახებ, რომლებიც ცდილობდნენ სიტუაციის გამოყენებას და რომ სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ მათ საქმიანობას.
ვუჩიჩმა გამოსვლის დასასრულს თქვა, რომ ქვეყანამ შეინარჩუნა სტაბილურობა და გამოთქვა მზადყოფნა შემდგომი გამოწვევებისთვის.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის გადადგომაა. სერბეთში საპროტესტო ტალღის ბირთვად სტუდენტები მიიჩნევიან, მაგრამ მათ შეუერთდნენ ექიმები, მასწავლებლები, ბაიკერები, ვეტერანები, აქციის ნაწილი გახდა ბელგრადში ტრაქტორებით ჩასული ფერმერების მარშიც.
ზოგან დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. გარდა ამისა, 15 მარტის ღამეს პოლიციამ დააკავა აქტივისტები, რომლებიც ცდილობდნენ დაეზიანებინათ ვუჩიჩის მომხრეების ტრაქტორები, რომლებიც ბარიერად იყო განთავსებული სერბეთის პარლამენტის შენობის წინ.
გუშინ ასევე ადგილი ჰქონდა ინციდენტს, როდესაც ბელგრადში, საპროტესტო აქციის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა.
სერბეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები 2024 წლის შემოდგომიდან გრძელდება. აქციები დაიწყო ნოვი-სადში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, სადაც რკინიგზის სადგურზე სახურავის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.
აქციის მონაწილეები დამნაშავეების დასჯას და ქვეყნის ხელმძღვანელობის, მათ შორის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის გადადგომას ითხოვენ.
2025 წლის იანვარში საპროტესტო აქციების ფონზე, სერბეთის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი გადადგა.