ხვალ, 25 იანვარს, ქართველ პოლიტიკოსს, ედუარდ შევარდნაძეს დაბადებიდან 83 წელი უსრულდება. შევარდნაძე იყო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი (1985-1990), საქართველოს პრეზიდენტი (1995-2003).
ედუარდ შევარდნაძე 1928 წლის 25 იანვარს ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამათში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ტექნიკუმი, შემდეგ სწავლობდა თბილისის პარტიულ სკოლაში, ხოლო 1959 წელს დაუსწრებლად დაამთავრა ა. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი.
1946 წელს შევიდა კომკავშირში, 1948 წელს, 20 წლის ასაკში - კომპარტიაში. 1957-1961 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის კომკავშირის პირველი მდივანი. 1961-1964 წლებში კომპარტიის მცხეთის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, ხოლო შემდეგ თბილისის პირველი მაისის რაიონის რაიკომის მდივანი. 1958 წლიდან იყო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი.
1964-1965 წლებში იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრის მოადგილე. 1965-1972 წლებში იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. ამ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე დაიწყო კამპანია ჩრდილოვანი ეკონომიკისა და კორუფციის წინააღმდეგ. კამპანია კარგად იყო რეკლამირებული, თუმცა მნიშვნელოვანი შედეგები არ მოჰყოლია.
1972 წელს აირჩიეს საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველ მდივნად და ამ პოსტზე მუშაობდა 1985 წლამდე. მან შეცვალა კორუფციაში მხილებული ვასილ მჟავანაძე. პარტიაში მუშაობისას დაჯილდოვდა სოციალისტური შრომის გმირის ოქროს ვარსკვლავით.
1976 წლიდან შევარდნაძე კომპარტიის საკავშირო ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო.
1985 წელს საბჭოთა "გარდაქმნის" წამომწყების, მ. გორბაჩოვის ინიციატივით, შევარდნაძე მიიწვიეს მოსკოვში და მოულოდნელად დანიშნეს სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრად. იმავდროულად, აირჩიეს საკავშირო კომპარტიის ცკ-ის პოლიტბიუროს წევრად. ის მონაწილეობდა გერმანიის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებებში. 1990 წელს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯეიმს ბეიკერთან ერთად ხელი მოაწერა აშშ-ისთვის ბერინგის ზღვის აკვატორიის გადაცემას, ე. წ. შევარდნაძე-ბეიკერის გამყოფი ხაზის მიხედვით.
1990 წელს გადადგა, "მოსალოდნელი დიქტატურისადმი" პროტესტის ნიშნად, იმავე წელს დატოვა პარტია. საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე თვით ადრე, 1991 წელს, გორბაჩოვის მიწვევით დაუბრუნდა მინისტრის პოსტს. იმავე წლის ბოლოს საბჭოთა კავშირის დაშლა ოფიციალურად გაფორმდა ბელოვეჟის შეთანხმებაში, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი გაუქმდა.
1992 წელს საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია პუტჩის შედეგად თანამდებობიდან ჩამოაგდო ეროვნულმა გვარდიამ. შევარდნაძე მოიწვიეს ორგანოს, სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელად. 1992 წელს საპარლამენტო არჩევნებით მოხდა შევარდნაძის ხელმძღვანელობის ლეგიტიმაცია. ის აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავჯდომარედ. შევარდნაძე პარლამენტს თავმჯდომარეობდა 1995 წლამდე. ამავე წლებში იყო თავდაცვის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო 1993-1995 წლებში თავმჯდომარეობდა საკონსტიტუციო კომისიას, რომელმაც მოამზადა საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის პროექტი. მისი ინიციატივით საქართველო შევიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) 1993 წელს. 1995 წელს შექმნა "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", რომელიც წამყვანი პარტია გახდა საქართველოში 1995-2002 წლებში.
შევარდნაძეზე სამჯერ მოაწყვეს თავდასხმა: 1992 წლის 3 ოქტომბერს რუსმა სამხედროებმა აფხაზეთში; 1995 წლის 29 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის იმდროინდელი შენობის ეზოში; 1998 წლის 9 თებერვალს რეზიდენციისკენ მიმავალ გზაზე.
1995 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად ხმათა 74%-ით. 2000 წლის 9 აპრილს ხმათა 82%-ით ხელმეორედ აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად.
2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საქართველოს მოქალაქეთა კავშირი დამარცხდა. იმავე წლის სექტემბერში შევარდნაძემ განაცხადა, რომ 2005 წელს, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, აპირებს პენსიაზე გასვლას და მემუარების დაწერას. 2003 წელს საპარლამენტო არჩევნებში ოფიციალურად გამარჯვებულად გამოცხადდა შევარდნაძის ბლოკი "ახალი საქართველოსთვის" ხმათა 21.32 %-ით, ხოლო მეორე ადგილზე პროსამთავრობოდ განწყობილი "დემოკრატიული აღორძინების კავშირი" ხმათა 18.84 %-ით. საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნებში დარღვევები დააფიქსირეს. ოპოზიციამ შევარდნაძეს არჩევნების ბათილად ცნობისკენ მოუწოდა, მისი შედეგების გაყალბების გამო. პრეზიდენტმა უარი განაცხადა არჩევნების შედეგების გაუქმებაზე. ზოგიერთი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დაიწყეს საპროტესტო კამპანია და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს.
დემონსტრაციებს შედეგად 2003 წლის 22 ნოემბერს საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო კანცელარიის შენობებში მოწინააღმდეგეთა შეჭრა მოჰყვა. შევარდნაძემ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მაგრამ უარი განაცხადა არმიის გამოყენებაზე და 23 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა.
შევარდნაძეს ჰყავს ვაჟიშვილი, პაატა, იუნესკოს თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი და ქალიშვილი, მანანა, სატელევიზიო ფილმების სტუდიის დირექტორი.