პოლიტოლოგი ირაკლი სესიაშვილი ეჭვობს, რომ მოგზაურობის თვალსაზრისით მაღალი რისკის მქონე ქვეყნების კატეგორიიდან საქართველოს ამოღების თხოვნით ვაშინგტონს ოფიციალურმა თბილისმა მიმართა.
"შეერთებულ შტატებს, ბუნებრივია, გააჩნია იმ ქვეყნების სია, სადაც ტურისტების ჩასვლას სარისკოდ მიიჩნევს და ამ სიას ოფიციალურად აქვეყნებს, რათა მოქალაქეებმა იცოდნენ, სად შეიძლება ჩასვლა და სად არა. საქართველო რისკის მქონე კატეგორიის ქვეყნებში შარშანაც მოხვდა და წელსაც, თუმცა ის, რომ ამჯერად ჩვენი ქვეყნის ამ ნუსხიდან ამოღება მოხდა, მაფიქრებინებს, რომ შესაბამისი თხოვნით შეერთებული შტატებისთვის სწორედ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა მიემართა, რადგან ეს საქართველოში ტურიზმის განვითარებას უშლის ხელს. როგორც ჩანს, ჩვენმა პარტნიორმა ქვეყანამ ეს გაითვალისწინა", - განუცხადა სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე განმარტებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოსადმი პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის ერთგვარ დემონსტრირებას წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 21 იანვრის დადგენილებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო მოგზაურობის თვალსაზრისით მაღალი რისკის მქონე ქვეყნების კატეგორიიდან ამოიღო.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ცოტა ხნის წინ იგივე საკითხთან დაკავშირებით აშშ-ს კანზასის შტატისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორებმა კვლევაც გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც, საქართველო იმ 37 ქვეყნის სიაში მოხვდა, რომლებშიც 2011-2014 წლებში ბუნტი და შეტაკებებია მოსალოდნელი. საქართველოს ამ რეიტინგში მე-4 ადგილი უკავია. მას ირანი, შრი-ლანკა და რუსეთი უსწრებენ.