ღუდუშაურის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელმა ზაზა სინაურიძემ კლინიკაში კარანტინის გამოცხადების მიზეზები ახსნა. მისი თქმით, კარანტინის გამოცხადების მთავარი მიზეზი არის ის, რომ გარედან შემოსულმა მნახველებმა ზედმეტი ინფექცია არ შეიტანონ კლინიკაში.
"ღუდუშაურის კლინიკაში 34 გრიპით დაავადებული პაციენტია. ამ 34-დან 27 არის თერაპიულ განყოფილებაში მოთავსებული, ხოლო 7 რეანიმაციულ განყოფილებაში. ცხადია, რომ ის 7 პაციენტი რომელიც რეანიმაციაშია მოთავსებული, არის საკმაოდ მძიმედ. მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ 5 შემთხვევაში არის ლაბორატორიულად დადასტურებული H1N1 - ს შემთხვევა. დანარჩენი კი სხვა ტიპების ვირუსებია. ამ 34 ადამიანში 11 არის ორსული და 3 მელოგინე. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსმევ, რომ რისკ ჯგუფები არის გაცილებით დიდი საფრთხის ქვეშ. ჩვენ ვიმყოფებით ჯანდაცვის სამინისტროსთან მუდმივ კოორდინაციაში და გვაქვს მედიკამენტების საკმაო მარაგი. გრიპს აქვს დაახლოებით 48 საათიანი საინკუბაციო პერიოდი. შესაბამისად შესაძლოა რომ ადამიანს გამოხატულება არ ჰქონდეს, მაგრამ ინფიცირებული იყოს. აქედან გამომდინარე კარანტინი არის, იმიტომ რომ გარედან შემოსულმა მნახველებმა კიდევ ზედმეტი ინფექცია არ შემოიტანონ", - განმარტა კლინიკაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე სინაურიძემ.
შეგახსენებთ, რომ კლინიკაში კარანტინი გუშინ გამოცხადდა.