პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა" ივენთ მენეჯმენტის ბაზრიდან გადის და ახალი პროდუქტების გამოსაშვებად ემზადება. „ჯეპრას" მმართველი პარტნიორის სოსო გალუმაშვილის განცხადებით, კომპანიის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის ნაწილია, რომელიც 2007 წელს ჩამოყალიბდა.
„რუსეთთან ომისა და ფინანსური კრიზისის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ბაზარზე ლიდერის პოზიციების შენარჩუნება და ახალი სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზება ჩვენი კლიენტებისათვის.
ივენთ მენეჯმენტის ბაზარი, ერთის მხრივ, აღარ არის მიმზიდველი ჩვენთვის და, მეორეს მხრივ, კომპანიის სტრატეგიული გეგმიდან გამომდინარე, ვაპირებთ გავაძლიეროთ აქცენტები კონსალტინგის ისეთ მიმართულებებზე, რომელიც ნაკლებად ათვისებელია ბაზრის სხვა მონაწილეების მხრიდან. ჩვენ არ ვღალატობთ საკუთარ თავს, ვცდილობთ მსოფლიო ტენდენციებს ავუწყოთ ფეხი და ვიყოთ ინოვაციური სერვისების დანერგვის პიონერები ქართულ ბაზარზე," - განაცხადა სოსო გალუმაშვილმა.
2011 წელს „ჯეპრა" 3 ახალ პროდუქტზე იმუშავებს: ადგილმდებარეობის მარკეტინგი და სასტუმროებისა და ტურისტული ზონების პრომოუშენი, ლოიალურობის პროგრამები და მომხმარებელთა ქცევა და საფონდო ბირჟებზე კომპანიების გასვლის პიარ თანხლება. გაძლიერდება „ჯეპრას" ქვე-ბრენდები (ბტლ.გე და ობოობა.გე) დაირექტ და ინტერნეტ მარკეტინგის მიმართულებებით, ხოლო „თბილისის პიარ სკოლაში" დაიწყება ახალი კურსები „პროექტების მართვა" და „გაყიდვების მენეჯმენტი". დაგეგმილია, ასევე, გაყიდვების კონსულტანტებისათვის სპეციალიზებული კურსების ჩამოყალიბებაც.