დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა და მინისტრის მოადგილემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
დავით კერესელიძემ და ნოდარ სურგულაძემ სტუდენტების მობილობაზე ისაუბრეს და დაინტერსებულ პირებს ელექტრონული რეგისტრაციის ვადები და მობილობის პროცედურები გააცნეს.
მათი თქმით, მობილობის მსურველი სტუდენტების ელექტრონული განაცხადების პორტალზე რეგისტრაციის ვადა 24 იანვრიდან 6 თებერვლამდეა. სტუდენტების ჩარიცხვის ბრძანებების პროექტების ცენტრში წარდგენის ვადა კი 7 თებერვლიდან დაიწყება და 18 თებერვლამდე გასტანს.
განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ დაინტერესებულმა სტუდენტებმა ელექტრონული რეგისტრაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უნდა გაიარონ. ამასთან, მობილობის უფლებით მხოლოდ ის სტუდენტები სარგებლობენ, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელში კანონით დადგენილი წესებით ჩაირიცხნენ და სტუდენტთა რეესტრში არიან დარეგისტრირებულნი.
სამინისტროს მესვეურთა განმარტებით, ეს პროცესი იმ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსაც შეეხებათ, რომლებსაც აკრედიტაცია გაუუქმდათ და საგანმანათლებლო საქმიანობას ვეღარ აწარმოებენ. დაინტერესებულ პირებს ერთიდან მეორე უმაღლეს სასწავლებელში გადასასვლელად არაუმეტეს 5 საგანმანათლებლო პროგრამის არჩევა შეეძლებათ.
მობილობის უფლების მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტმა 2011 წლის 7 თებერვლიდან განცხადებით უნდა მიმართოს დაწესებულებას, სადაც პირადი საქმის ასლს წარადგენს. კანონის თანახმად, მობილობა წელიწადში ორჯერ ცხადდება.