სერბეთის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი ანტისამთავრობო აქციების ფონზე თანამდებობიდან გადადგა.
გაფიცულმა სტუდენტებმა გუშინ, პროტესტის ნიშნად ბელგრადის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაგისტრალი 24 საათით გადაკეტეს. ბლოკადას შეუერთდნენ სხვა მოქალაქეებიც, მათ შორის, ფერმერები, რომლებიც აქციაზე ტრაქტორებით მივიდნენ და დემონსტრანტებს ამ გზით იცავდნენ.
მილოშ ვუჩევიჩის თქმით, პოლიტიკოსებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და აჩვენონ, რომ მზად არიან, დაეხმარონ საზოგადოებაში დაძაბულობის შემცირებას. ამავდროულად, ვუჩევიჩმა აღნიშნა, რომ „საზოგადოების სერიოზული დაყოფა უცხოეთიდან არის დაგეგმილი“.
„ერთმანეთის ვერგაგება, დაუსრულებელი დავა და კონფლიქტი მთელ სერბეთში. რაც არ უნდა მოწოდებები ვაკეთოთ ვნებების დაშოშმინებისკენ, რაღაც ბოროტება ყოველთვის მოდის. რაღაც მოხდა სცენარში, თითქოს რაღაც უხილავმა ხელმა შექმნა ახალი ინციდენტი და შექმნა დაძაბულობა საზოგადოებაში“, – განაცხადა მილოშ ვუჩევიჩმა.
სერბეთში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 1 ნოემბერს ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.
აქციის მონაწილეები პოპულისტი პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის მთავრობის წარმომადგენლების პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვენ. მათი თქმით, ტრაგედიის მიზეზი კორუფცია და სადგურზე დაუდევრად შესრულებული სამუშაოებია.