25 იანვარი საქართველოს ეროვნული გმირის, სახალხო პოეტის, 1920-იანი წლების ანტი-საბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილისა და „შეფიცულთა რაზმის“ წევრის მიხა ხელაშვილის დაბადებისა და მკვლელობის დღეა.
მიხას ცხოვრებაში 25 რიცხვი სამჯერ მეორდება. ის 2 5 წლის ასაკში, მოკლეს საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მეგობრებმა: ლევან გარსევანიშვილმა, ლუკა მარცვალაშვილმა და ვახტანგ რაზიკაშვილმა. სხვა ვერსიით დაიღუპა დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს. დაკრძალულია ჩარგლის სოფლის სასაფლაოზე.
მიხა ფშავიდან იყო, სოფელ ახადიდან. რამდენიმე წელი მცხეთის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, მერე ბარისახოში მსახურობდა მედავითნედ და დიაკვნად.
1921 წელს მიხამ დიაკვნის კაბა გაიხადა, იარაღი გადაიკიდა და მაღაროსკარის ბრძოლაში ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმს შეუერთდა. ამის შემდეგ კომუნისტური ხელისუფლებისთვის მიხა ხელაშვილი მუდმივი დევნის ობიექტი გახდა, დევნიდნენ მის ოჯახსაც.
მიხა ხელაშვილის ლექსების თემატიკა მრავალფეროვანია - ძირითადად პატრიოტული და სატრფიალო ლექსებია, თუმცა ასევე მოიცავს ელეგიური ჟანრის მელანქოლიურ ნათქვამებსაც. საბჭოთა პერიოდში ხელაშვილის ლექსები იბეჭდებოდა ხალხური პოეზიის ანთოლოგიებში ავტორის მითითების გარეშე.
2022 წლის 9 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხა ხელაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.