რუსულმა ტელეგრამარხებმა გაავრცელეს ვიდეო ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავის სალონიდან, რომელიც თვითმფრინავის ჩამოვარდნისთანავე არის გადაღებული. თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა ყაზახეთში, აქტაუს მახლობლად განიცადა.
ვიდეო თვითმფრინავის ერთ-ერთმა მგზავრმა სუბხონკულ რახიმოვმა გადაიღო.
Mash-სა და Baza-ს ცნობით, რახიმოვი ავარიას გადაურჩა, ის თვითმფრინავის კუდის ნაწილში იმყოფებოდა, რომელიც მიწასთან შეჯახების შემდეგ თვითმფრინავის კორპუსს მოწყდა. რახიმოვის თქმით, მის ირგვლივ მსხდომნიც გადარჩნენ.
თვითმფრინავის ბორტზე სულ 67 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 62 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი.
ავიალაინერი ბაქოდან ქალაქ გროზნოში მიფრინავდა, თუმცა კურსი შეიცვალა. ის ყაზახეთსი აქტაუს აეროპორტიდან სამი კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა.
ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემებით, ბორტზე აზერბაიჯანის 37 მოქალაქე, რუსეთის 16 მოქალაქე, ასევე ყაზახეთის ექვსი და ყირგიზეთის სამი მოქალაქე იმყოფებოდნენ.
აზერბაიჯანის პროკურატურის ცნობით. გადარჩა 32 ადამიანი.
სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს სამიტში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ილჰამ ალიევი ბაქოში დაბრუნდა.