პრემიერს ვუთხარი, უკეთესი იქნებოდა პრეზიდენტად ისეთი ადამიანი აერჩიათ, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად მუშაობდა, - ამის შესახებ “ტვ იმედს“ ამავე ტელეკომპანიის მფლობელმა ირაკლი რუხაძემ განაცხადა.
"[ირაკლი კობახიძესთან ბიზნესის შეხვედრაზე] ვთქვი, რომ მე თუ მკითხავთ, ბევრად უკეთესი იქნებოდა, იმისდა მიუხედავად, რომ მე ბატონ ყაველაშვილს არ ვიცნობ და მხოლოდ კარგი გამიგია მასზე და შეიძლება, ფანტასტიკური კანდიდატია და იმედი მაქვს, რომ ყველას ძალიან გაგვაკვირვებს და ბედნიერები ვიქნებით ოთხი თუ ხუთი წლის შემდეგ, რომ ეს კაცი იყო არჩეული.
შესაძლებელია, უფრო უკეთესი ყოფილიყო რამე უფრო გამაერთიანებელი ადამიანი ყოფილიყო არჩეული, განსაკუთრებით ისეთი ადამიანი, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად მუშაობდა, ვიდრე ხალხის ძალა, ესეც ვთქვი. როცა ამხელა ეგზისტენციური საფრთხეების წინ ვართ, ბევრად უფრო მეტი ყურადღება მართებს მმართველ პარტიას, რას და როგორ გააკეთებს", - განაცხადა რუხაძემ, რომელიც 23 დეკემბერს ბიზნესის ნაწილის და ირაკლი კობახიძის შეხვედრას ესწრებოდა.