მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის შემადგენლობაში მომავალი არ აქვს. აცხადებს სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი.
"აზერბაიჯანისათვის ტოტალური რეჟიმის მიერ ძალადობრივად მიმაგრებული მთიანი ყარაბაღი არასოდეს შეურიგდება თავის სტატუსს", _ განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა კვიპროსის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.
მისივე თქმით, მთიან ყარაბაღს თვალწინ აქვს ძალადობრივი გზით მიერთებული მეორე ტერიტორიის ნახჩევანისა და იქ მაცხოვრებელი სომხების ბედი, რომლებმაც ვერ გაუძლეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ზეწოლას და იძულებით დატოვეს ეს მიწა, რომელზეც ათასწლეულების განმავლობაში ცხოვრობდნენ.
"შესაბამისად, შემთხვევითი როდი იყო, რომ მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით ლიბერალიზაციის პროცესების პარალელურად მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა მუდმივად აყენებდა საკითხს თავისი დამოუკიდებლობისა. ხოლო 1991 წელს კი ყოველივე ეს რეფერენდუმით დაადასტურა, რომელიც სრულად შეესაბამებოდა საბჭოთა კავშირის კანონმდებლობას", _ აცხადებს სომხეთის პრეზიდენტი.
მისივე თქმით - "აზერბაიჯანი ცდილობდა ეთნიკური წმენდისა და სამხედრო აგრესიის გზით დაეხრჩო მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა. ვერ შეძლო რა გამარჯვების მოპოვება თავისსავე მიერ დაწყებულ ომში აზერბაიჯანი იძულებული იყო 1994 წელს ხელი მოეწერა სამმხრივი შეთანხმებისათვის სომხეთთან და მთიან ყარაბაღთან დაზავების შესახებ".
"მტრული აგიტაცია, რომელიც სომხეთისა და სომხების წინააღმდეგაა მიმართული, რომელიც აზერბაიჯანში სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით მიმდინარეობს, ასევე ისტორიის ცხადი ფალსიფიკაცია და შეიარაღების მარათონი აღნიშნულ ქვეყანაში მოწმობს იმას, რომ ბაქო მშვიდობისათვის მზად არაა. საქმე იქამდე მიდის, რომ ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგა აცხადებს, რომ ჩვენი ქვეყნის უდიდესი ნაწილი ჩვენ აზერბაიჯანმა გვაჩუქა, ხოლო დედაქალაქი ერევანი ეს აზერბაიჯანული ქალაქია", _ აცხადებს სომხეთის პრეზიდენტი.
მისივე განცხადებით, აზერბაიჯანის სომეხთმოძულე და აგრესიული საქციელი მოწმობს ერევნის ვარაუდს იმის შესახებ, რომ მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის შემადგენლობაში მომავალი არ აქვს.
"აზერბაიჯანს არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური, არც მორალური უფლება არა აქვს ყარაბაღზე პრეტენზია გამოაცხადოს", _ აცხადებს სარგსიანი.