ომის საფრთხობელის ეფექტურად გამოყენებაც დასანანი მანიპულაციაა. რომელ ჭკუათმყოფელ პოლიტიკურ გუნდს ექნება მიზნად, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, რათა ომი დაიწყოს. ასეთ პარტიას ან ვინ დაუჭერს მხარს 2008 წლის ომით ტრამვირებული მოსახლეობიდან, - ამის შესახებ სოციალურვ ქსელში საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი წერს.
“ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი გვიახლოვდება. მოკლედ მინდა ვთქვა, მაგრამ ვიცი ვერ გამომივა.
ხშირად, პოლიტიკა საკუთარი მორალით მოქმედებს, რომელიც სამწუხაროდ არ ემთხვევა უნივერსალურ მორალს. ეს ცხადია, აღარავის გვიკვირს. დღეს პოლიტიკას დასჭირდა და პატრიოტიზმისა და ქვეყნის სიყვარულის ცნების უზურპაციას ვხედავთ. ორივე ცნება საარჩევნო მანიპულირების იარაღად გამოიყენება და ბადებს რიგ ეთიკურ და მორალურ კითხვებს.
პოლიტიკური პარტია (ნებისმიერი) დიდ რისკზე მიდის, როცა ამ მნიშვნელოვანი ღირებულებებით აპელირებს და იწვევს საზოგადოების პოლარიზაციას, მახინჯდება და ყალბდება დემოკრატიული დებატები. თითქოს პატრიოტიზმი მხოლოდ ერთი პარტიის ექსკლუზივი იყოს.
სამწუხაროდ, ამ პოლიტიკური კომუნიკაციის ბერკეტს აქტიურად იყენებენ ხელისუფალი პოლიტიკოსები, რათა ნებისმიერი, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი უსამშობლოსა და სამშობლოს მტრის იარლიყით კეთროვნად აქციოს. ამის განმეორებითა და ტირაჟირებით კი საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებენ. ეს ზიანი კი გრძელვადიანი ქმედებისაა და დიდხანს, ძალიან დიდხანს გაჰყვება ჩვენს ერთ მუჭა, ფაქტობრივად ერთმანეთის მონათესავე საზოგადოებას.
დილემის იმგვარად წარმოჩენა : ან ევროპული მომავალი გინდა ან მშვიდობა, რუსეთთან ჰარმონიული ურთიერთობის ხარჯზე (შესაბამისად დასავლეთთან კონფრონტაციულ ორბიტაზე).
ომის საფრთხობელის ეფექტურად გამოყენებაც დასანანი მანიპულაციაა. რომელ ჭკუათმყოფელ პოლიტიკურ გუნდს ექნება მიზნად, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, რათა ომი დაიწყოს. ასეთ პარტიას ან ვინ დაუჭერს მხარს 2008 წლის ომით ტრამვირებული მოსახლეობიდან.
საარჩევნო ბანერებზე უკრაინის გულმოსაკლავი სანახაობის ფონზე საკუთარი მიღწევებით ბაქიაობაც, პოლიტიკური მორალისთვისაც კი უხერხული და ვერ დასაკვეხნია. მხოლოდ კეთილი საქმეები ყოფილიყო იმ ბანერებზე წარწერით : მშვიდობამ მოგვცა ამის გაკეთების საშუალებაო და ამით ავიცილებდით იმხელა უხერხულობას, თვალს რომ ვეღარ ვუსწორებთ მართალ ადამიანს.
26 ოქტომბერს ყველამ, საკუთარი სინდისით, რწმენით, იმედითა და გაბედულებით უნდა მისცეს ხმა. არავის მოვუწოდებ რომელიმე კონკრეტულ პარტიას მისცეთ ხმა. დამეფიცება, არასოდეს, საკუთარი ოჯახის წევრთათვისაც კი არ მიკარნახია ვისთვის მიეცათ ხმა. თუ ვინმეს გაგახსენდებათ ოდესმე, ასე გამეკეთებინოს, აგერ, სახალხოდ შემაჩვენეთ.
თუმცა, აქ ცნებებისა და ტერმინების აღრევის მიუხედავად (თუ რომელ მხარესაა ნამდვილი პატრიოტიზმი) შედარება და შესაბამისად, დასკვნა მარტივი გასაკეთებელია.
პატრიორიზმი ხომ არის სამშობლოს სიყვარული და მის უკეთეს მომავალზე ზრუნვა ? ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლის, მისი სუვერენიტეტის დაცვა, მისი კეთილდღეობა ევროპული ოჯახის გარდა სხვაგან სად წარმოგიდგენიათ » ჩემზე უფრო პატრიოტებო » ? იმ ქვეყნის ორბიტაზე სატელიტად ყოფნაში, რომელიც მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში გამალებული ებრძვის ჩვენს პატრიოტიზმსაც და ჩვენს დამოუკიდებლობასაც ?
მშვიდობის თემას, ასე ყაირათიანად რომ ყიდით ვინ გახადა ასე აქტუალური ? ვისგან მოდის ომის საფრთხე ?
ბოლო საუკუნეების ყველა ომი განა მისგან არ გვქონდა თავს მოხვეული ?
ჩვენი ქვეყნის დასასუსტებლად და ჩვენი მომავლის გასაპარტახებლად, განა მან არ წააქეზა სეპარატიზმი ჩვენს რეგიონებში? თურმე ბოდიში ჩვენ რომ უნდა მოვიხადოთ - იმ ომებისთვის, რომელიც მან დაგეგმა, განახორციელა და ჩვენ ვერაგი ხრიკებით ჩაგვითრია ?
მანვე არ შეგვიქმნა კრიზისები და თავად იგდო ხელთ გადაწყვეტის გასაღები ? თუ გჯერათ, რომ თავისუფლების გარეშე მშვიდობა დიდხანს გაგვიძლებს ?
შერიგებას და თანაცხოვრებას, რა თქმა უნდა ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ მხოლოდ ევროპული, ღირსეული მომავალი გაუჩენს ჩვენს ოს და აფხაზ ძმებს თანაცხოვრების სურვილს, მშვიდობიან ერთიან, ევროპულ, განვითარებულ, ადამიანის ღირებულებების პატივისმცემელ ქვეყანაში.
ოპოზიციურმა კოალიციამ კი ნათლად უნდა დაანახოს ამომრჩეველს, რომ აქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ნათელი გეგმა და შეუძლია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა.
იმ ხერხს, ღონეს რომ სჯობს ყველა გონიერი პოლიტიკური ჯგუფი მოიგონებს, რომ სწორედაც რომ ღირსებით, მშვიდობიანი გზით ევროპისკენ სწორად მიმავალი გზით ჩვენი უნიკალური კულტურით, იდენტობით, ჩვენი ენით, კრიმანჭულითა და უძველესი ქრისტიანული ღირებულებებით და თავი დავიგულოთ კეთილისმსურველ და მშობლიურ გარემოში.
იქ ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არავინ უყურებს შურით ან ალმაცერად. ოდესმე იქ, ვინმეს მისი განმტკიცების გარდა, რამე ცუდი განუზრახავს ?
დღეს დასავლელი პარტნიორების, საქართველოს ჭეშმარიტი მეგობრების საყვედურებს « ბატონის მუქარად " ასაღებენ, არადა, იმ ხალხს როგორ ჰყვარებია თურმე საქართველო, როგორ ესმით, რამდენად კრიტიკულ ზღვარზე ვართ, რომ დიპლომატიური სიფრთხილის ზღვარზე პანიკურად გვაფრთხილებენ, თქვენს ისტორიულ გზას ნუ ასცდებით, მგლის ხახაში ნუ ჩავარდებითო. რა ხანი გვემუდარებოდნენ, არ ვისმინეთ და ახლა, დიახაც გვემუქრებიან იმით, რაც რეალურად მოხდება თუ ჩვენ ევროპა მტრის ბანაკად გამოვაცხადეთ და ჩვენ წინაპართა ნაანდერძები გზიდან გადავუხვიეთ.
არადა, რომ დავფიქრდეთ, განა რას ითხოვს ის ხალხი ჩვენგან დემოკრატიის გარდა?. « დემოს-ის კრატიის »- ქვეყნის მართვაში ხალხის მონაწილეობის გარდა ? იქნებ დავფიქრდეთ აშშ-სა და ევროკავშირს ხომ არ ეხამუშებათ, რომ გრძნობენ რეალურად ხალხი თუ არ იღებს გადაწყვეტილებებს. შიშობენ ერთ მშვენიერ დღეს, საკუთარმა მოსახლეობამ, რომელთა გადასახადებიდან გვეხმარებიან მილიარდებით წლების განმავლობაში, პასუხი არ მოსთხოვონ : ეს რა ტიპის დემოკრატიულ სისტემას აძლიერებთ ამ ქვეყანაში, სადაც ერთი კაცის ნებასა და გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრება.
რაც არ უნდა კეთილშობლიური მიზნები და ზრახვები ჰქონდეს მას (ცხადია, ყველა კეთილი საქმეც უნდა დავუმადლოთ, სიკეთეც ბევრი აქვს გაკეთებული), ვერ ჯდება ეს სისტემა დასავლური დემოკრატიის ფორმატში.
ჩემი აზრით, საბოლოოდ ასე კონცენტრირდება ქართული პოლიტიკური რეალობა : დასავლეთს აღარ უნდა ბიძინა ივანიშვილის საქართველო ჰყავდეს პარტნიორად, მას დაახარჯოს უზარმაზარი ენერგია, ინვესტიცია და ვერ ენდობოდეს, ვერ განიხილავდეს მყარ საყრდენად ამ პარტნორობაში, რადგან იგი შესაძლოა, პოლიტიკას ბიზნესის გათვლებით მართავდეს და ბიზნესში კი ბაზარი მნიშვნელოვანი ფაქტორი და ვექტორია და შესაბამისად, პარტნიორებსაც ამ პრიორიტეტებით აირჩევს.
29 აპრილის მანიფესტაციაზე წარმოთქმული სიტყვა წყალგამყოფი აღმოჩნდა. ეს იყო დასავლეთისთვის გზავნილი : « აჰ, თქვენ ჩემი ტყავი გსურთ ? აგერ, შეხედეთ ამ ზღვა ხალხს, ეს ჩემი ქვეყანაა და ეს ხალხი იმას გააკეთებს, რაც მე მსურს, თუნდაც ქვეყანას მოუწიოს კურსის ცვლილება. იმ კურსისა, რომელიც ალბათ ხვდებით, მე არც თავიდანვე მეპიტნავებოდა. ბევრი გელოლიავეთ და ვერაფერი შეგაგნებინეთ და ახლა, თქვენვე თავზე გექცევათ თქვენი ევროპა და გარყვნილებაში იძირებით, მე ჩემს ქვეყანას, (სისპეტაკის ერთადერთ კუნძულს კონტინენტზე) თქვენგან, ანუ ომის დამქაშებისგან გადავარჩენ და იმ გზით წავიყვან, რომელიც მე მიმაჩნია ქვეყნისთვის სწორადო ».
სხვაგვარად, თუნდაც უტრირებულად რომ ვთქვათ, ეს ქვეყნის მძევლად აყვანას ჰგავს, თუნდაც კეთილი განზრახვებით. და… დემოკრატია სადღაა ამასობაში ? უმრავლესობიდან უმრავლესობა მზადაა მას ზვარაკად შეეწიროს, შეიძლება ბოლომდე არც ეთანხმებოდეს ამ სტრატეგიას, « მაგრამ რა ქნან » ?
ვაღიარებ, მეც კარგა ხანს თავს ვიმშვიდებდი : არა უშავს, მთავარია მე ჩემი, საქართველოს ევროპული გზისკენ მიმართული საქმე გულით და სამშობლოს ერთგულებით გავაკეთო და სხვები თავისას მიხედავენ მეთქი. დღეს, როცა იმ კოლეგებზე ვფიქრობ, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში რუდუნებით აშენებდნენ საქართველოს ევროპულ მომავალს, თანაგრძნობით და მეგობრული სიყვარულით ვკითხულობ, ნეტავ, რა არის ახლა თქვენი საქმე, რასაც დღემდე ერთგულობთ ? ვერაფერს ვამბობ, მხოლოდ იმას ვნატრობ, მე ვცდებოდე. მხოლოდ მე მომიწოს ჩემი პოზიციის გამო სინანული და ქვეყნის ევროპული მომავალი ხელიდან არ გვეცლებოდეს.
გარდა ამისა, მშვიდობის ასოცირება მიმდინარე ძალაუფლების უწყვეტობასთან და ომის გარდაუვლობაში ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, არა მხოლოდ არაეთიკური საარჩევნო სტრატეგიაა, არამედ დისკურსი, რომელიც მოსახლეობაში შიშსა თესავს და განხეთქილებას იწვევს.
პატიოსანი კამპანია უნდა იყოს იდეების ღიად განხილვა, სადაც ამომრჩევლებს შეუძლიათ აწონ-დაწონონ სხვადასხვა ვარიანტები ფაქტებზე დაყრდნობით და არა ემოციური მანიპულირებით.
დემოკრატია ძლიერია მაშინ, როცა მოქალაქეები არიან ობიექტურად ინფორმირებულნი და შეუძლიათ ძალდაუტანებლად, თავისუფლად გააკეთონ საკუთარი რწმენითა და ნებით გაკეთებული არჩევანი თავიანთი ქვეყნის მომავლისთვის“, - გოჩა ჯავახიშვილი.