დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაზე ინტენსიურ ზეწოლას ახდენს, რათა მადლიერების დღისთვის აშშ-რუსეთის სამშვიდობო გეგმას დათანხმდეს. ამის შესახებ Financial Times უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის წყაროების ცნობით, თეთრმა სახლმა მოლაპარაკებების პროცესისთვის მკაცრი ვადები დააწესა და მოითხოვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეთანხმების პირობებს დაეთანხმოს მადლიერების დღემდე, რომელსაც შეერთებული შტატები 27 ნოემბერს აღნიშნავს.
გუშინ, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები მოითხოვს, რომ კიევი დაეთანხმოს სამშვიდობო გეგმას, რომელიც სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა და სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ რუს მომლაპარაკებლებთან თანამშრომლობით შეიმუშავეს.
28-პუნქტიანი დოკუმენტი, რომელიც უკვე დაამტკიცა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, უკრაინის მხრიდან მნიშვნელოვან დათმობებს ითვალისწინებს.
„იმ პირების ცნობით, რომლებიც შეთანხმების დეტალებს იცნობენ, ტრამპი მოითხოვს, რომ უკრაინამ დათმოს დონბასში კონტროლირებადი ტერიტორიები, გაანახევროს შეიარაღებული ძალების რაოდენობა და უარი თქვას იარაღის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კატეგორიებზე“, - წერს Financial Times.
უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა Financial Times-ს განუცხადეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მოსკოვისთვის შეთანხმების ნოემბრის ბოლომდე წარსადგენად და დეკემბრის დასაწყისისთვის პროცესის დასასრულებლად „აგრესიული“ ვადა დააწესა.
ამავდროულად, უკრაინელი ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ დოკუმენტის რიგი დებულებები მიუღებელია და ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა შემხვედრ წინადადებებზე.