სახელგანთქმული ბრიტანელი მომღერალი ადელი ხანგრძლივ მუსიკალურ პაუზას გეგმავს. ამის შესახებ მან თაყვანისმცემლებთან საუბრისას განაცხადა.
მომღერალი მუსიკალური პაუზის აღებას მიუნხენის ევროპული ტურნეს შემდეგ გეგმავს.
ადელის თქმით, თაყვანისმცემლებს „წარმოუდგენლად დიდი ხნის განმავლობაში“ ვერ შეხვდება.
36 წლის მომღერალმა თაყვანისმცემბლებს უთხრა, რომ მას დასვენება სჭირდება და სურს იცხოვროს ახალი ცხოვრებით, რომელსაც ახლა აშენებს.
ბრიტანელი ვარსკვლავი ცოტა ხნის წინ დაინიშნა ამერიკელ სპორტულ აგენტ რიჩ პოლზე, რომელთანაც 2021 წლიდან აქვს ურთიერთობა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში იგი ყოველკვირეულ კონცერტებს ატარებდა აშშ-ში, ლას ვეგასში. მას კიდევ დარჩა რამდენიმე კონცერტი ჩასატარებელი, რომელიც ნოემბრის ბოლომდე გასტანს.
ადელმა პოპულარობა მოიპოვა 19 წლის ასაკში, 2008 წელს, როდესაც გამოუშვა თავისი პირველი ალბომი „19“.
მისი მეორე ალბომი „21“ არის მეოთხე ყველაზე გაყიდვადი ალბომი დიდ ბრიტანეთში, Queen-ის, ABBA-ს და The Beatles-ის შემდეგ.
თავისი ბოლო ალბომი “30” მომღერალმა 2021 წლის ნოემბერში გამოუშვა. ამ ალბომის გამოშვებამდე ადელს 5 წლის განმავლობაში პაუზა ჰქონდა.