თურქეთის ხელისუფლებამ წარადგინა ოფიციალური განაცხადი BRICS-ში გაწევრიანების შესახებ. იტყობინება Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით.
"თურქეთმა წარადგინა ოფიციალური მოთხოვნა შეუერთდეს BRICS-ს, განვითარებადი ქვეყნების ჯგუფს, რადგან მას სურს გაზარდოს თავისი გლობალური გავლენა და გააძლიეროს ახალი კავშირები მისი ტრადიციული დასავლელი მოკავშირეების მიღმა", - წერს გამოცემა.
წყაროების თქმით, ეს გადაწყვეტილება ასახავს თურქეთის სურვილს, განავითაროს მულტიპოლარული ურთიერთობები, ნატოს წევრობის პარალელურად.
მათი განმარტებით, ანკარას სჯერა, რომ სიმძიმის გეოპოლიტიკური ცენტრი შორდება განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს.
ამასთან, წყაროთა ცნობით, თურქეთის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ BRICS-ში გაწევრიანება გააუმჯობესებს ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთთან და გახდება სავაჭრო შუამავალი ევროკავშირსა და აზიას შორის.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
წარსულში ანკარამ გამოთქვა BRICS-ში გაწევრიანების სურვილი.
"თურქეთი შეიძლება გახდეს ძლიერი, აყვავებული და გავლენიანი ქვეყანა, თუ გააუმჯობესებს ურთიერთობებს როგორც აღმოსავლეთთან, ასევე დასავლეთთან", - განაცხადა პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა.
ცოტა ხნით ადრე, ცნობილი გახდა, რომ BRICS-ში გაწევრიანების განაცხადი აზებაიჯანმა წარადგინა.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინიციატივით დაარსებულ სახელმწიფოთაშორის ეკონომიკურ გაერთიანებას BRICS 2024 წლიდან 5 ახალი სახელმწიფო შეუერთდა. ეს სახელმწიფოებია ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია.
მანამდე BRICS-ში ხუთი სახელმწიფო იყო გაერთიანებული. ორგანიზაციის სახელწოდება მისი წევრი ქვეყნების დასახელებების პირველი ასოებისგან შედგება - B – Brazil (ბრაზილია), R – Russia (რუსეთი), I – India (ინდოეთი), C – China (ჩინეთი), S – South Africa (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
გაერთიანებაში გაწევრიანების მოწვევა არგენტინასაც ჰქონდა მიღებული, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებში ხავიერ მილეის გამარჯვების შემდეგ, ბუენოს აირესმა უარი თქვა გაწევრიანებაზე და ამის შესახებ ოფიციალურად აცნობა სხვა წევრებს.
2024 წლის 1 იანვრიდან BRICS-ის თავმჯდომარეობა რუსეთმა გადმოიბარა.
BRICS-ის სამიტი ყაზანში 2024 წლის ოქტომბერში იგეგმება.
პუტინის მიერ დაარსებული ორგანიზაციის წევრობას ჯერჯერობით რაიმე ხელშესახები შედეგი არ მოუტანია წევრი ქვეყნებისთვის.