უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ამჟამად თავისი ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს მომენტს განიცდის და რთული არჩევანის წინაშე დგას. ამის შესახებ მან უკრაინელი ხალხისადმი მიმართვისას ისაუბრა.
“ახლა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მომენტია. ახლა უკრაინაზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ზეწოლა ხორციელდება.
უკრაინა შესაძლოა ახლა ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს: : ან ღირსების დაკარგვა, ან ძირითადი პარტნიორის დაკარგვის რისკი - ან ურთულესი 28 პუნქტი, ან უმძიმესი, ყველაზე რთული ზამთარი და შემდგომი რისკები. ცხოვრება თავისუფლების, ღირსებისა და სამართლიანობის გარეშე და ის, რომ ვენდოთ მას, ვინც უკვე ორჯერ დაგვესხა თავს. ისინი ჩვენგან პასუხს ელიან,“ -განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ეროვნული ინტერესები უნდა იქნას გათვალისწინებული.
"ჩვენ ევროპელ მეგობრებს ვენდობით, რომლებიც ნათლად ხვდებიან, რომ რუსეთი შორს არ არის, რომ ის ევროკავშირის საზღვრებთან ახლოსაა. რომ უკრაინა ახლა ერთადერთი ფარია, რომელიც კომფორტულ ევროპულ ცხოვრებას პუტინის გეგმებისგან ჰყოფს.
მივმართავ ყველას - ხალხს და პოლიტიკოსებს - საჭიროა შევიკრიბოთ და შევწყვიტოთ დაპირისპირება.
ჩვენ არ ვუღალატეთ უკრაინას მაშინ, 2022 წლის 24 თებერვალს და არც ახლა ვუღალატებთ. მე ვიცი, რომ ხალხი ჩემთანაა.
ძვირფასო უკრაინელებო, გახსოვდეთ ომის პირველი დღე. ჩვენგან უმეტესობამ არჩევანი გააკეთა, არჩევანი უკრაინის სასარგებლოდ. გაიხსენეთ ჩვენი გრძნობები მაშინ. როგორი იყო? ბევრისთვის ბნელი, ხმაურიანი, რთული, მტკივნეული, საშინელი იყო, მაგრამ მტერმა ვერ დაინახა ჩვენი გაქცევა. მან დაინახა ჩვენი თვალები, სავსე მზადყოფნით. ვიბრძოლოთ საკუთარი თავისთვის. და ეს არის ღირსება, ეს არის თავისუფლება. და ეს სინამდვილეში ყველაზე საშინელი რამ რუსეთისთვის - უკრაინელების ერთიანობის დანახვა
ჩვენ არ ვაკეთებთ არანაირ ხმამაღალ განცხადებებს. ჩვენ მშვიდად ვიმუშავებთ ამერიკასთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან. ჩვენს მთავარ პარტნიორთან ერთად გადაწყვეტილებების კონსტრუქციული ძიება გაიმართება.
მე წარმოვადგენ არგუმენტებს, დავარწმუნებ, შევთავაზებ ალტერნატივებს, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ მივცემთ მტერს არანაირ საფუძველს იმის სათქმელად, რომ უკრაინას არ სურს მშვიდობა, რომ ის არღვევს პროცესს და რომ უკრაინა არ არის მზად დიპლომატიისთვის“, - თქვა მან და პირობა დადო, რომ უკრაინა სწრაფად იმუშავებს.
მან ასევე პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს ომის დასასრულებლად.