აზერბაიჯანმა BRICS-ში წევრობისთვის განაცხადი შეიტანა. შესაბამისი განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აიხან ჰაჯიზადემ.
3 ივლისს, ასტანაში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში, აზერბაიჯანმა ოფიციალურად გამოთქვა სურვილი შეუერთდეს BRICS-ს.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინიციატივით დაარსებულ სახელმწიფოთაშორის ეკონომიკურ გაერთიანებას BRICS 2024 წლიდან 5 ახალი სახელმწიფო შეუერთდა. ეს სახელმწიფოებია ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია.
მანამდე BRICS-ში ხუთი სახელმწიფო იყო გაერთიანებული. ორგანიზაციის სახელწოდება მისი წევრი ქვეყნების დასახელებების პირველი ასოებისგან შედგება - B – Brazil (ბრაზილია), R – Russia (რუსეთი), I – India (ინდოეთი), C – China (ჩინეთი), S – South Africa (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
გაერთიანებაში გაწევრიანების მოწვევა არგენტინასაც ჰქონდა მიღებული, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებში ხავიერ მილეის გამარჯვების შემდეგ, ბუენოს აირესმა უარი თქვა გაწევრიანებაზე და ამის შესახებ ოფიციალურად აცნობა სხვა წევრებს.
2024 წლის 1 იანვრიდან BRICS-ის თავმჯდომარეობა რუსეთმა გადმოიბარა.
BRICS-ის სამიტი ყაზანში 2024 წლის ოქტომბერში იგეგმება.
პუტინის მიერ დაარსებული ორგანიზაციის წევრობას ჯერჯერობით რაიმე ხელშესახები შედეგი არ მოუტანია წევრი ქვეყნებისთვის.