გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დაგმო გერმანიის ქალაქ ზოლინგენში მომხდარი თავდასხმა.
სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში, შოლცმა მომხდარს "საშინელი მოვლენა" უწოდა, რამაც ის "ძალიან დაამწუხრა".
„ვგლოვობთ დაღუპულებს და მხარს ვუჭერთ მათ ოჯახებს, დაჭრილებს ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას.
დამნაშავე სწრაფად უნდა იყოს დაკავებული და დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით“, - ნათქვამია კანცლერის განცხადებაში.
დასავლეთ გერმანიის ქალაქ ზოლინგენის 650 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის დროს უცნობი პირი დანით თავს დაესხა ფესტივალის მონაწილეებს ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე.
თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა. ხუთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
თავდამსხმელმა ტრაგედიის ადგილიდან გაქცევა მოახერხა. პოლიცია მის ძებნას აგრძელებს.