ახლო მომავალში დაიგეგმება ისევ ისეთი კემპი ან უფრო მაგარი, იქნება ეს „ლევანტესთან“ თუ „ლევანტეს“ გარეშე, - ამის შესახებ ეროვნული ნაკრებისა და ესპანირი კლუბის "ლევანტეს" ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ბედნიერი დღე არის დღეს, როდესაც 135-მა ბავშვმა მოახერხა ვარჯიში საქართველოში, კერძოდ დიდ დიღომში. ძალიან გახარებული ვარ, მაგრამ ასევე გულნატკენიც, რადგან ყველა ბავშვმა ვერ მოახერხა დარეგისტრირება, თუმცა მათ დასაწყნარებლად მინდა მოვუწოდო, რომ არასდროს დანებდნენ, პირიქით, ივარჯიშონ, იშრომონ და ახლო მომავალში დაიგეგმება ისევ ისეთი კემპი ან უფრო მაგარი, იქნება ეს „ლევანტესთან“ თუ „ლევანტეს“ გარეშე.
ასევე, მინდა მოვუწოდო გოგოებს, რომ იაქტიურონ. საქართველოში ძალიან მაგრად ვითარდება ქალთა ფეხბურთი. ვხედავთ ჩვენი ქალთა ეროვნული ნაკრები რა დონეზე თამაშობს და რა თქმა უნდა, შემდეგ შეკრებებზე აუცილებლად გავითვალისწინებთ, რომ გოგოებმაც მიიღონ მონაწილეობა.
რაც შეეხება იმ ბავშვებს, ვინც ვერ მოახერხებს ვალენსიაში წამოსვლას, ან ვერ მოხვდა რეგისტრაციაზე, მინდა მოგიწოდოთ, რომ არასდროს დანებდეთ. ვიცი, რა გზაც არის ეს. ფეხბურთი არ არის ადვილი, უნდა იყო ფსიქოლოგიურად ძალიან მზად, თუმცა, არ დანებდეთ და როგორც ღმერთი, ასევე ფეხბურთი აუცილებლად დაგიფასებთ შრომას“, - განაცხადა გიორგი ქოჩორაშვილმა.