ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ უკრაინასთან მთლიან საზღვარზე სამხედრო ნაწილები განათავსეს. ამის შესახებ მან რუსულ ტელეარხ „როსია 1“-თან ისაუბრა.
მისი ტკიცებით, უკრაინას ბელარუსის საზღვართან 120 ათასზე მეტი სამხედრო ჰყავს განთავსებული.
„მათი აგრესიული პოლიტიკის შემხედვარე, ჩვენ იქ გადავიყვანეთ ჩვენი სამხედროები და მთელი საზღვრის გასწვრივ გარკვეულ წერტილებში განვათავსეთ, როგორც ეს იქნებოდა ომის, თავდაცვის შემთხვევაში. მეტიც, იქ მუშაობენ სპეცმსახურები, სპეცდანაყოფები – „ალფა“, „ალმაზი“ და სხვები – ყველაზე მომზადებულები, ისინი თავიანთ სამუშაოს ასრულებენ“, – თქვა ლუკაშენკამ.
ბელარუსის პრეზიდენტი ასევე ამტკიცებს, რომ უკრაინის დრონები მათ სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარს არღვევენ.
"ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, რა თქმა უნდა, რომ ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემები ამას ხედავს, ჩამოვაგდეთ სამიზნეები, მაგრამ ეს უკვე ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრაა". - თქვა ლუკაშენკამ.
როგორც ბელარუსის ლიდერმა აღნიშნა, ის იძულებულია რეაგირება მოახდინოს საზღვრების დასაცავად.
„ისინი მუდმივად არღვევენ ჩვენი საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილს, თუ პიტერში, ან უფრო შორს მიფრინავენ. ზოგიერთი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი 3-5 ათას კილომეტრს დაფრინავს და თათრეთამდეც კი მიუღწევია. ისინი ჩვენს საზღვარს კვეთენ. ჩვენ გავაფრთხილეთ. რა თქმა უნდა, ჩვენი საჰაერო თავდაცვა ამას ხედავს და მაშინვე გადასცემს ინფორმაციას რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებს“, -განაცხადა ლუკაშენკამ.