საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ლაშა გობაძე (87 კგ.) პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დანიის სახელით მოასპარეზე ჩეჩენ ბისულტანოვთან დამარცხდა.
7 აგვისტოს იასპარეზა კიდევ ერთმა ქართველმა ბერძნულ- რომაული სტილით მოჭიდავემ, რამაზ ზოიძემ (67 კგ). მერვედფინალში ის ყირგიზ ამანტურ ისმაილოვს შეხვდა და მეტოქესთან ორთაბრძოლა ანგარიშით 1:12 დათმო.
6 აგვისტოს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) პარიზის ოლიმპიადის მერვედფინალში ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე მეორე ნომრად განთესილ აბუბაკარ ხასლახანაუს შეხვდა და მეტოქეს ორთაბრძოლა ანგარიშით 1:9 დაუთმო. მეოთხედფინალში კი აბუბაკარ ხასლახანაუ ეგვიპტელ მოჭიდავესთან ანგარიშით 1:4 დამარცხდა.
შედეგად, პირველად 1996 წლის შემდეგ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ოლიმპიადა მედლის გარეშე დაასრულა.
8 აგვისტოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ გამყრელიძეც (86 კგ) იასპარეზებს. 23 წლის ქართველი სპორტსმენი ოლიმპიადაზე კარიერაში პირველად იჭიდავებს.
შეგახსენებთ, ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ოთხი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა კი ბრინჯაო მიიღო.