საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრებაში ასპარეზობა დაასრულა. ჩვენი გუნდი მერვედფინალში იტალიასთან 3:4 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების მხრიდან ტატამიზე პირველი ეთერ ლიპარტელიანი გავიდა (57კგ), რომელმაც ოდეტე გიუფრიდა იპონით 19 წამში დაამარცხა – 1:0.
შემდეგ ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) მანუელ ლომბარდოსთან ვაზარით დამარცხდა და ანგარიში გათანაბრდა. იტალია წინ კიმ პოლინგმა გაიყვანა, რომელმაც ეთერ ასკილაშვილს (-70კგ) ასევე იპონით სძლია. (2:2)
მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა 90კგ წონით კატეგორიაში კრისტიან პარლატი იპონით დაამარცხა. იტალია კიდევ ერთხელ ალის ბელანდიმ (70კგ+) დააწინაურა, მასთან დაპირისპირებაში სოფიო სომხიშვილი არალეგალური მოქმედების გამო ასპარეზობიდან მოხსნეს – 2:3.
მეექვსე შეხვედრაში ჩვენი გუნდიდან ილია სულამანიძემ (90კგ+) იასპარეზა, მან ჯენარო პირელის იპონით მოუგო, ანგარიში გაათანაბრა (3:3) და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი შეხვედრის ჩატარება გახდა საჭირო. პროგრამამ შემთხვევითობის პრინციპით 73კგ წონითი კატეგორია აირჩია, სადაც ლომბარდომ ლაშა შავდათუაშვილს კიდევ ერთხელ სძლია და იტალიამ საბოლოოდ 4:3 გაიმარჯვა.
ინდივიდუალურ ასპარეზობაში პარიზის ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე სამი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ხოლო ვერცხლის მედლები ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს.