საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა, ვფიქრობ, რომ „უცხოეთის აგენტების“ კანონით, საკუთარი საზოგადოების, ევროკავშირისა და ნატოს ყველა მოწოდების იგნორირებით, მათ გადაწყვიტეს, რომ შეუძლიათ იცხოვრონ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის გარეშე, - ამის შესახებ “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა განაცხადა.
მისი თქმით, თუკი ქვეყანა არ ასრულებს იმ ორგანიზაციების პირობებს, რომლის წევრობაც სურს, არ აკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს და არ იზიარებს მის ღირებულებებს, ეს ცხადია, მისი სუვერენული უფლებაა. მაგრამ მეორე მხარესაც ასეთივე უფლება აქვს, არ სურდეს მიიღოს თავის წრეში ის, ვინც განსხვავებულ გზას ირჩევს.
შეკითხვაზე ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია, წინა წლებისგან განსხვავებით, აღარ იმეორებს დაპირებას, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება, თუნდაც დემოკრატიული თუ თავდაცვის რეფორმების გატარების შემდეგ, როგორც ეს ადრე, არაერთ კომუნიკეში იყო განმარტებული. რას ნიშნავს ეს?
„ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა, ვფიქრობ, რომ „უცხოეთის აგენტების“ კანონით, საკუთარი საზოგადოების, ევროკავშირისა და ნატოს ყველა მოწოდების იგნორირებით, მათ გადაწყვიტეს, რომ შეუძლიათ იცხოვრონ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის გარეშე. დიახ, ფორმალურად საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ, მოდით თვალი გავუსწოროთ ამას, ჩვენ უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, თუკი ის არ გადაწყვეტს, რომ გაატაროს ის საერთო ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ. თუ ამას არ აკეთებ, არ ხარ ამ კლუბის ნაწილი. ეს შენი სუვერენული გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.
რინკევიჩის თქმით, იმედოვნებს, რომ საქართველო სერიოზულად გადახედავს ზოგიერთ კანონმდებლობას
„ნატოს წევრობა არაა მხოლოდ პოლიტიკური საკითხი. ეს კრიტერიუმებს ეფუძნება. არსებობს შესანიშნავი დოკუმენტი, ნატოს გაფართოების შესახებ 1995 წლის კვლევა, რომელიც დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა პატივისცემის, ჯარზე სამოქალაქო კონტროლის და სხვა საკითხებს ეფუძნება.
თუკი რომელიმე ქვეყანას სურს გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი და ის არ აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, ეს არჩევანია, ამ ქვეყნის სუვერენული არჩევანი. მაგრამ წევრი სახელმწიფოების სუვერენული არჩევანია ისიც, რომ აღარ გააგრძელონ ეს პროცესი.
მე ვიმედოვნებ, რომ საქართველო სერიოზულად გადახედავს ზოგიერთ კანონმდებლობას, და თუ ეს ასე არ მოხდა, ნუ ელოდებით ჩვენგან იმის შესაძლებლობის განხილვას, რომ საქართველოსთან პროცესი გაგრძელდეს.
ეს არ ეხება [კანდიდატი ქვეყნების თაობაზე] შეუქცევად თუ შექცევად გადაწყვეტილებას. ეს ეხება იმას, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა იმ ორგანიზაციების კრიტერიუმები და პირობები უნდა შეასრულონ, რომელთა ნაწილად ყოფნაც სურთ“, - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.