ჩვენც ძალიან გვწყინს, როცა მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიულ და ლიბერალურ კანონს რუსულს უწოდებენ, - „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას გამოეხმაურა.
„ქალბატონ ელჩთან დიდი პატივისცემით და ეს ჩვენი მთავრობის მეთაურმაც ბევრჯერ აღნიშნა - ჩვენც ძალიან გვწყინს, როცა გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიულ და ლიბერალურ კანონს რუსულს უწოდებენ. და აქედან გამომდინარე, მოურიდებლად, საქართველოს რუსეთის სატელიტობის იარლიყს კიდებენ. ჩვენც ძალიან გვწყინს და კარგი იქნება, რომ ჩვენს გულისწყვეტას ამ მხრივაც გაიგებენ.
ეს არის ის გლობალური დეზინფორმაცია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება - ჩვენ ეს არ გვინდა. არ გვსურს, რომ ელემენტარულ გამჭვირვალობაზე ყველაზე უფრო ლიბერალური კანონი მთელი საქართველოს დემონიზაციისთვის გამოიყენებოდეს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
რობინ დანიგანმა დღეს განაცხადა: „სამწუხაროდ, დღეს არსებობს დეზინფორმაცია შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობის შესახებ. არიან ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჩვენ ვართ „გლობალური ომის პარტია“, ან ჩვენ ვცდილობდით ამ ქვეყანაში რევოლუციის გაღვივებას, ან ცუდი ზრახვები გვაქვს. მართლაც გულდასაწყვეტია ამის მოსმენა“.