დეზინფორმაცია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რას ნიშნავს, გახდე ევროკავშირის წევრი, თითქოს ეს გულისხმობს თქვენს ინდენტობაზე უარის თქმას, რაც სრულიად მცდარია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტის „საბჭოთა მეხსიერება“ წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ელჩის თქმით, დღეს დეზინფორმაცია შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობის შესახებაც ვრცელდება, რაც, მისი თქმით, გულდასაწყვეტია.
„ჩვენ მზად ვართ, გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას, რომელიც დღეს გვაწუხებს. სამწუხაროდ, ეს ხდება საქართველოში. დეზინფორმაცია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რას ნიშნავს, გახდე ევროკავშირის წევრი. დეზინფორმაციის ერთი მაგალითია, თითქოს ეს გულისხმობს თქვენს ინდენტობაზე უარის თქმას, რაც სრულიად მცდარია. თქვენ იცით, როდესაც ავსტრიიდან იტალიაში მიდიხართ, ეჭვგარეშეა, რომ შეინარჩუნებთ თქვენს კულტურულ იდენტობას. ეს არის დეზინფორმაციის ერთ-ერთი ასპექტი.
სამწუხაროდ, დღეს არსებობს დეზინფორმაცია შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობის შესახებ. არიან ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჩვენ ვართ „გლობალური ომის პარტია“, ან ჩვენ ვცდილობდით ამ ქვეყანაში რევოლუციის გაღვივებას, ან ცუდი ზრახვები გვაქვს. მართლაც გულდასაწყვეტია ამის მოსმენა, რადგან ჩვენი ისტორია ამ ქვეყანაში 32 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხალხთა ძლიერ კავშირს გამოხატავს. გულისხმობს ღრმა მეგობრობას ამერიკელებსა და ქართველებს შორის, პარტნიორობას მედიცინისა და განათლების სფეროებში, სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების გაზიარებას, ერთმანეთის დახმარებას თავდაცვის ძალების გაძლიერებაში. 32 წლის განმავლობაში ჩვენ საქართველოს ექვსი მილიარდის დახმარება გავუწიეთ. ეს რიცხვი ნამდვილად არ მოგვითხრობს ამბავს. ის, რაც ამბავს მოგვითხრობს, სინამდვილეში არის, რომ წლებია, ცალკეულ უნივერსიტეტებთან, სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად ვმუშაობთ, რათა დავეხმაროთ იმ პარტნიორობის ჩამოყალიბებას, რომელსაც დღეს ვიზიარებთ. ასე რომ, გულდასაწყვეტია იმ ნარატივის მოსმენა, რომელიც ცდილობს, შექმნას განსხვავებული სურათი, იმისგან განსხვავებით, რაც ვიცით, რომ სიმართლეა. ასე რომ, დღეს მინდა, გავიმეორო შეერთებული შტატების ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ, ქართველი ხალხის მისწრაფების მიმართ, გახდეს ევროკავშირის წევრი, გააძლიეროს ევროატლანტიკური ტრაექტორია. ეს არის მომავალი, რაც საქართველოს კონსტიტუციაშია. ეს არის მომავალი, რომლისთვისაც ჩვენ, ყველანი, ბევრს ვმუშაობდით ათწლეულების განმავლობაში და რომლის მხარდაჭერასაც აშშ განაგრძობს, რა გზითაც შეგვეძლება“, – განაცხადა დანიგანმა.