ჩემთვის, პირადად, მნიშვნელოვანი იყო ამ ფორმატში შეხვედრა, გვინდა, რომ თქვენს ყველა შეკითხვას გავცეთ პასუხი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, უამრავი სპეკულაცია იყო ბოლო პერიოდის განმავლობაში, მათ შორის ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული კურსი და ეს კურსი არა მხოლოდ ზოგად დონეზეა განსაზღვრული, არამედ პირდაპირ წერია საქართველოს კონსტიტუციაში.
„მე, თქვენი ნებართვით, მოკლე შესავლით დავიწყებ და ამის შემდეგ შეგვიძლია თანმიმდევრობით გადავიდეთ კითხვა-პასუხზე. თითოეულ თქვენგანს ექნება საკმარისი დრო იმისთვის, რომ დასვათ შეკითხვები, მიიღოთ პასუხები, დააზუსტოთ შეკითხვები, საჭიროების შემთხვევაში.
პირველ რიგში, რაც შეეხება ხელისუფლების პოლიტიკას და საერთო ხედვას. უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ ბოლო პერიოდში, მათ შორის საგარეო კურსთან დაკავშირებით. ინიცირებულ კანონპროექტს უკავშირებენ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას, რაც არის უხეში სპეკულაცია, მანიპულაცია. მინდა, მკაფიოდ განვმარტო კიდევ ერთხელ ის, რაც ყველასთვის ცხადი და ნათელია, ხელისუფლებას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული კურსი და ეს კურსი არა მხოლოდ ზოგად დონეზეა განსაზღვრული, არამედ პირდაპირ წერია საქართველოს კონსტიტუციაში.
იცით, რომ 2017 წელს, „ქართულმა ოცნებამ“, ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე შეიტანა ნორმა საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც, როგორც ევროკავშირში, ისე ნატოში ინტეგრაცია ხელისუფლების კონსტიტუციურ ამოცანად განისაზღვრა.
აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ცხადია ჩვენი პოლიტიკური კურსი, საგარეო კურსი და არა მარტო კურსია ცხადი, არამედ, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიღწევები, შედეგები ამ მიმართულებით. ყველა ხელშესახები შედეგი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ იქნა სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ეს არის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, DCFTA-ის - თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, ვიზალიბერალიზაცია და კანდიდატის სტატუსის მიღება. ყველა ეს შედეგი არის მიღწეული სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ასევე მოგეხსენებათ, რომ სწორედ ჩვენი მოწოდებაა პარტნიორების მიმართ, რომ მაქსიმალურად უზრუნველყონ ჩვენი ქვეყნის დაახლოება როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან. ჩვენი თხოვნა არის, მოწოდება, მაგალითად აშშ-ს მიმართ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მოქალაქეებისთის ვიზალიბერალიზაცია. ეს, დარწმუნებული ვარ, არ დაამძიმებს აშშ-ს. ასევე, ხელი მოეწეროს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, უზრუნველყოფილი იყოს პირდაპირი ფრენები აშშ-ში. რაც შეეხება ევროკავშირს, აქაც ჩვენი მოწოდებაა, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები საქართველოსთან დეკემბერში, როცა ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია ნათელია, ვითხოვთ მეტ ურთიერთობას, კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, თუმცა სამწუხაროდ არის თავშეკავებული პოზიცია, რასაც შეიძლება ჰქონდეს თავისი მიზეზები, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვუწოდებთ ანტიქართულ განწყობას, პირიქით, გვაქვს აბსოლუტურად ღია პოლიტიკა, მზაობა, რომ კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს, საქართველოსა და აშშ-ს შორის და რაც მეტი ნაბიჯი გადმოიდგმება იქითა მხრიდან, მით უკეთესი. ეს არის ჩვენი განწყობა და ჩვენი პოზიცია,“- აღნიშნა პრემიერმა.