ესპანეთისა და ირლანდიის ხელისუფლება პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავს 21 მაისს, - აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი.
დასავლური მედიის ცნობით, ბორელმა ეს განცხადება ესპანურ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა. მისი განმარტებით, მსგავსი ნაბიჯის განიხილავენ ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები. ამ კონტექსტში მან ახსენა ბელგია და სლოვენია.
"ეს იქნება არა მხოლოდ სახელმწიფოს აღიარება, არამედ მზადყოფნის სიგნალი, რათა უზრუნველყოფილი იყოს ასეთი სახელმწიფოს პრაქტიკაში არსებობა", - თქვა ბორელმა.
მანამდე, პალესტინის სახელმწიფოს აღიარების განზრახვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა სააგენტო Reuter-მაც. სააგენტოს ცნობით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავენ ესპანეთი, ირლანდია, სლოვენია და მალტა.
გავრცელებული ცნობით, ეს სახელმწიფოები ელოდებიან გაეროს გენერალური ასამბლეის კენჭისყრა, რომელიც 10 მაისს უნდა გაიმართოს პალესტინის გაეროს სრულუფლებიან წევრად მიღების თაობაზე.
22 მარტს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ესპანეთმა, ირლანდიამ, მალტამ და სლოვენიამ განაცხადეს, რომ ისინი შეთანხმდნენ გადადგან პირველი ნაბიჯები პალესტინის სახელმწიფოს ცნობისკენ.
5 აპრილს მადრიდმა განაცხადა, რომ გეგმავს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას ივლისის თვისთვის.
შეგახსენებთ, 19 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც რეკომენდაციას აძლევდა გაერო-ს გენერალურ ასამბლეას, პალესტინის სახელმწიფო გაერო-ს წევრად მიეღო.
კენჭისყრის პროცესში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს ბრიტანეთმა და შვეიცარიამ, ხოლო საბჭოს დანარჩენმა 12 წევრმა რეზოლუციას მხარი დაუჭირა.
შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფო უნდა შეიქმნას ისრაელსა და პალესტინის ხელისუფლებას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით. ისრაელი ჯერჯერობით პალესტინის აღიარებას კატეგორიულად ეწინაააღმდეგება.
გაერო-ს სრულუფლებიანი წევრობის მისაღებად განაცხადი უნდა დაამტკიცოს უშიშროების საბჭომ, შემდეგ კი გენერალური ასამბლეის, სულ მცირე, ორმა მესამედმა.
გაერო-ს უშიშროების საბჭო დიდი ხანია მხარს უჭერს ორი სახელმწიფოს ხედვას, რომლებიც გვერდიგვერდ იცხოვრობენ უსაფრთხო და აღიარებულ საზღვრებში. პალესტინელებს სურთ საკუთარი სახელმწიფო, რომელიც მოიცავს ისრაელის მიერ 1967 წელს დაკავებულ ტერიტორიებს დასავლეთ სანაპიროზე, აღმოსავლეთ იერუსალიმსა და ღაზის სექტორში.
პალესტინა გაეროს დამკვირვებელი წევრის სტატუსით სარგებლობს 2021 წლიდან.