ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო რეზოლუციის პროექტს, რომელიც რეკომენდაციას აძლევდა გაერო-ს გენერალურ ასამბლეას, „პალესტინის სახელმწიფო გაერო-ს წევრად მიეღო“.
კენჭისყრის პროცესში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს ბრიტანეთმა და შვეიცარიამ, ხოლო საბჭოს დანარჩენმა 12 წევრმა რეზოლუციას მხარი დაუჭირა.
შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფო უნდა შეიქმნას ისრაელსა და პალესტინის ხელისუფლებას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით. გაერო-ს სრულუფლებიანი წევრობის მისაღებად განაცხადი უნდა დაამტკიცოს უშიშროების საბჭომ, შემდეგ კი გენერალური ასამბლეის, სულ მცირე, ორმა მესამედმა.
გაერო-ს უშიშროების საბჭო დიდი ხანია მხარს უჭერს ორი სახელმწიფოს ხედვას, რომლებიც გვერდიგვერდ იცხოვრობენ უსაფრთხო და აღიარებულ საზღვრებში. პალესტინელებს სურთ საკუთარი სახელმწიფო, რომელიც მოიცავს ისრაელის მიერ 1967 წელს დაკავებულ ტერიტორიებს დასავლეთ სანაპიროზე, აღმოსავლეთ იერუსალიმსა და ღაზის სექტორში.