ესპანეთმა განაცხადა, რომ სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს ივლისისთვის აღიარებს, ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს ევროპის სხვა ქვეყნებისთვისაც.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ მადრიდი პალესტინას ივლისისთვის აღიარებს.
ესპანეთის გეგმები დაადასტურა საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმაც, რომელმაც განაცხადა, რომ ეს დაეხმარება დამოუკიდებელ პალესტინას გაერო-ში გაწევრიანდეს.
ესპანეთის გადაწყვეტილების დაჩქარების მიზეზი გახდა ღაზის სექტორში საქველმოქმედო ორგანიზაცია „მსოფლიოს ცენტრალურ სამზარეულოზე“ ისრაელის თავდასხმა, რომელსაც ორგანიზაციის შვიდი მუშაკი ემსხვერპლა.
ინციდენტმა ესპანეთში აღშფოთება გამოიწვია.
პრემიერ-მინისტრმა სანჩესმა "არასაკმარისი" და "მიუღებელი" უწოდა ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განმარტებას, რომლის მიხედვითაც ისრაელელმა სამხედროებმა "უნებლიედ" მოკლეს ჰუმანიტარული ორგანიზაციის მუშაკები.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მსოფლიოს ცენტრალურ სამზარეულოს“ ხელმძღვანელობს ცნობილი ესპანელ-ამერიკელი შეფ-მზარეული ხოსე ანდრესი.