არაგულწრფელ ახალგაზრდებთან ერთად, რა თქმა უნდა, აქციებში მონაწილეობენ გულწრფელი ახალგაზრდებიც, რომლებსაც სჯერათ, რომ აქციაზე დგომით კარგ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გულწრფელი ახალგაზრდებისადმი მიმართულ ღია წერილში აცხადებს.
პრემიერი საუბრობს ერთ-ერთი მისთვის ნაცნობი გულწრფელი ახალგაზრდის „ფეისბუკ“-პოსტების შესახებ, რომელსაც არცერთი ოპოზიციური აქცია არ გამოუტოვებია.
„ერთ-ერთი ასეთი, ჩემი ნაცნობი გულწრფელი ახალგაზრდის პოსტები ხშირად მხვდება „ფეისბუკში“ და შევეცადე, მივყოლოდი მის ლოგიკას. ეს ახალგაზრდა დღეს 25-27 წლის იქნება. 2020 წლიდან ის რევოლუციის ორივე მცდელობას აქტიურად უჭერდა მხარს და ალბათ, არცერთი ოპოზიციური აქცია არ გამოუტოვებია. 2020 წელს მან ხმა მისცა ნაციონალებს. იმდენჯერ აქვს „ფეისბუკში“ დაწერილი, რომ ნაცი არ არის, სავარაუდოდ, პარტია „ნაცმოძრაობისთვის“ ხმის მიცემის თავის თავთანაც მოერიდებოდა. თუმცა, მის „ფეისბუკ“-აქტივობას თუ დავაკვირდებით, აშკარაა, რომ 2020 წელს მან „ნაცმოძრაობის“ ორი დანაყოფიდან ერთ-ერთი - „ევროპული საქართველო“ ან „ლელო“ შემოხაზა. ეს ახალგაზრდა არჩევნების ღამეს აღშფოთდა, როცა „მთავარი არხისგან“ შეიტყო, რომ ცესკომ არჩევნების შედეგები „დაგვიანებით“ გამოაქვეყნა და ერთ-ერთი პირველი გავიდა ნაცების აქციაზე, რომელიც ცესკოში შეჭრის მცდელობით დასრულდა. მართალია, ცესკოში შეჭრა თვითონ არ უცდია, მაგრამ ამ ყველაფერს აქციაზე დგომით ამაგრებდა“, - აცხადებს პრემიერი.
როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, ეს ახალგაზრდა კიდევ უფრო აღშფოთდა, როცა „მთავარი არხის“ მიერ გაჟღერებული ბრალდება „ენჯეოებისგანაც“ მოისმინა.
„მართალია, რამდენიმე თვის შემდეგ გაიგო, რომ ერთმაც და მეორემაც მოატყუა და სინამდვილეში, ცესკომ შედეგები სტანდარტულ დროს გამოაქვეყნა, მაგრამ „მთავარი არხისა“ და „ენჯეოებისთვის“ საყვედურის „დაპოსტვა“ აზრადაც არ გაუვლია. ასეთია ნაციონალის ბუნება - მისთვის ნაცისგან, „ენჯეოსგან“ და „მთავარი არხისგან“ მოსმენილი ტყუილიც კი წმინდაა. ეს გულწრფელი ახალგაზრდა მაშინაც აღშფოთდა, როცა ცესკოს შედეგები „ენჯეოს“ პარალელური ხმის დათვლას აცდა. თუმცა, აღშფოთება იმაზე აღარ გამოუხატავს, როცა ამ „ენჯეომ“ 5 კვირის დაგვიანებით თავადვე აღიარა, რომ სწორედ მისი პარალელური დათვლა აცდა ცესკოს შედეგებს და არა პირიქით. მოკლედ, ამ გულწრფელმა ახალგაზრდამ არჩევნები „ფეისბუკზე“ გაყალბებულად გამოაცხადა და თამარ ჟვანიას მსოფლიოს მთავარი გამყალბებლის ტიტული თამამად მიანიჭა. რამდენიმე თვეში ამ ახალგაზრდას ბოდიში აღარ მოუხდია, როდესაც ეს „მსოფლიოს მთავარი გამყალბებელი“ - თამარ ჟვანია ამერიკელებმა ერთ-ერთ ქვეყანაში თავიანთი მთავარი საარჩევნო ორგანიზაციის ხელმძღვანელად დანიშნეს“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს გულწრფელი ახალგაზრდა 2021 წელს აქტიურად ითხოვდა ხელისუფლების მიერ მიშელის შეთანხმების ხელმოწერას, თუმცა, საერთოდ არ აღშფოთებულა, როცა „ნაცმოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს და საქართველოში ჩამოსულ მიშელთან მისვლაც კი არ იკადრეს.
„სამაგიეროდ, გაგულისდა, როდესაც ნაცების ხელმოწერის 100-დღიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ, ეს შეთანხმება „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა. მოკლედ, ჩემი ნაცნობი გულწრფელი ახალგაზრდის პირველი რევოლუციური მცდელობა იმით დასრულდა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მან ისევ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ დანაყოფს - ხაზარაძეს ან გახარიას მისცა ხმა, თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 47 პროცენტი მიიღო და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების იდეაც წარსულს ჩაბარდა“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის თებერვლის ბოლომდე ამ ახალგაზრდის „ფეისბუკ“-აქტივობა ექსკლუზიურად სააკაშვილის შიმშილობას და გათავისუფლებას უკავშირდებოდა.
„როგორც ყველა კლასიკური ფსევდოშუაშისტი, ისიც წერდა, რომ ახლა სააკაშვილის წარსულის გარჩევის დრო არ იყო და მხოლოდ მისი სიცოცხლის გადარჩენაზე უნდა გვეფიქრა. ამ გულწრფელ ახალგაზრდას მოგვიანებით ოდნავი გულისწყვეტაც კი არ გამოუხატავს, როცა სააკაშვილმა ორი წლის თავზე გადაწყვიტა, რომ აღარ კვდებოდა და სიმულანტობა პრინციპულად შეწყვიტა. მრავალი დაშვებული შეცდომის მიუხედავად, გულწრფელმა ახალგაზრდამ საკუთარი ანალიტიკური უნარების კიდევ ერთხელ მყარად ირწმუნა, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო. ომის პირველივე დღეს მან ვლადიმირ ზელენსკი ცივილიზებული სამყაროს ლიდერად და მსოფლიო გმირად გამოაცხადა. დღეს კი ხვდება ეს ახალგაზრდა, რომ მისი ანალიტიკური დასკვნები სიმართლისგან უკიდურესად შორს იყო, თუმცა, შეცდომის აღიარება ერთხელაც არ უფიქრია. ამ ახალგაზრდის „ფეისბუკს“ დღემდე ამშვენებს წარწერა „სლავა უკრაინე“ და ჩარჩო ევროკავშირისა და უკრაინის დროშებით, სადაც საქართველოს დროშისთვის ადგილი ვერ გამოიძებნა. 2022 წლის თებერვალში გულწრფელი ახალგაზრდა ერთ-ერთი პირველი გავიდა აქციებზე და პირველ რიგში, რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოითხოვა. მან მყისიერად გააზიარა ლომჯარიას განცხადება, სანქციების არდაწესებას მირჩევნია, ბომბებისგან მიღებულმა ცეცხლმა დაგვწვასო. სანქციების დაწესების პირობებში, საქართველოს ეკონომიკა რომ ჩამოიქცეოდა, ამაზე ეს ახალგაზრდა პასუხს არა საკუთარ თავს, არამედ ისევ ხელისუფლებას მოსთხოვდა. ნაცის ტვინი ასეა მოწყობილი - ხან ვერ ფიქრობს და ხან არ ფიქრობს“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.