ევროპარლამენტის რეზოლუციიდან გამომდინარე, მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ - ნუ თამაშობთ ხალხის და ქვეყნის ბედით, დაუყოვნებლივ გაიწვიეთ რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ განაცხადა მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ.
„დღეს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც ამბობს:
1. თუ საქართველოს პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ რუსულ კანონს მიიღებს - საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი გაჩერდება.
კანონის მიღება გამორიცხავს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნას
2. კანონის მიღება გამოიწვევს ევროკავშირიდან საქართველოში ფინანსური დახმარებების და გრანტების შეჩერებას, რაც პირდაპირ აისახება ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე
3. ევროპარლამენტის რეზოლუციაში საუბარია პოლიტიზებული მართლმსაჯულებაზე, ნათქვამია რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ ხორციელდება პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება
4. რეზოლუციაში ნათქვამია რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქცირების შესაძლებლობა და რუსული კანონის გავლენა ვიზა ლიბერალიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობაზე
ყველაფერ ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე:
მოვუწოდებთ ხელისუფლებას ნუ რისკავს ქვეყნის ბედით
ნუ აყენებს დარტყმას საქართველოსა და ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერესებს
ნუ ცდილობს დააკარგვინოს ქართველ ხალხს ის ფინანსური სიკეთეები, რასაც იღებს ევროპიდან და ნუ ცდილობს დააკარგვინოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსი
ქართულმა ოცნებამ, დაუყოვნებლივ:
1. უკან უნდა გაიწვიოს რუსული კანონი
2. გაათავისუფლოს ქვეყნის ნომერ პირველი პოლიტპატიმარი - მიხეილ სააკაშვილი. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც პირველი აღმართა ევროკავშირის დროშა და საქართველო გაიყვანა მსოფლიო ასპარეზზე. მიხეილ სააკაშვილს რუსეთი მიიჩნევს ნომერ პირველ მტრად რეგიონში და ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევს ნომერ პირველ მოკავშირედ.
ამ გადაწყვეტილებებით ოცნებამ ხალხს უნდა მისცეს საშუალება, მათ თავად გადაწყვიტონ საქართველოს მომავლის ბედი, მეტ-ნაკლებად მშვიდ და კონკურენტუნარიან გარემოში.
სხვა შემთხვევაში ხელისუფლება მიდის ქვეყნის ინტერესების და ევროპული არჩევანის წინააღმდეგ ღიად.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ დავიცვათ საქართველოს ინტერესები და გადავარჩინოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა.
კიდევ ერთხელ მივმართავ ქართულ ოცნებას - ნუ თამაშობთ ქვეყნის და ხალხის ბედით.“- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ