აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ დახმარების შეფერხების გამო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აღმოსავლეთით დაკარგეს გარკვეული ტერიტორიები, კერძოდ, ავდიივკა.
„შეფერხების შედეგები იგრძნობოდა უკრაინაში. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უკრაინა იძულებული გახდა დაეზოგა საბრძოლო მასალა და ამან გამოიწვია აღმოსავლეთის ტერიტორიის ნაწილის დაკარგვა, კერძოდ, ავდიივკის“, - განაცხადა სალივანმა.
სალივანმა თქვა, რომ უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცების პროცესს „ძალიან დიდი“ დრო დასჭირდა.
მისი თქმით, დღევანდელი 1 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი უკრაინისთვის შესანიშნავი ამბავია, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალები კვლავ მძიმე ზეწოლის ქვეშ არიან ბრძოლის ველზე.
”სავსებით შესაძლებელია, რომ რუსეთმა მოიპოვოს დამატებითი ტაქტიკური წარმატება,” - თქვა სალივანმა და მიუთითა რუსული ძალების მცდელობებზე, დიდი დანაკარგების ფასად წინ წასულიყვნენ ქალაქ ჩასივ იარში და ავდიივკის აღმოსავლეთით.