შსს-ს განცხადებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ რეჟიმი არის შეშინებული, დასუსტებული და ეშინია ქართველი ახალგაზრდების, - ამის შესახებ თქვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა იგორ ნარმანიამ, შსს-ს განცხადებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, შსს ან სუს-ი თუ კი გააგრძელებენ მსგავსი განცხადებების გაკეთებას, უფრო მეტ გაბრაზებულ ადამიანს მიიღებენ თბილისის ქუჩებში.
„შსს-ს ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ რეჟიმი არის შეშინებული, დასუსტებული და ეშინია ქართველი ახალგაზრდების, რომლებიც თვითორგანიზებით გამოდიან თბილისის ქუჩებში და თვითორგანიზებით გამოხატავენ პროტესტს ქალაქში, ამიტომ რაც არ უნდა განცხადება გააკეთოს შსს-მ, სუს-მა და „რუსული ოცნების“ მესვეურებმა, ამ ხალხს არ გააჩერებს არაფერი. თქვენ ხედავთ, რომ ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოდის თბილისის ქუჩებში და აპროტესტებს იმ უმსგავსობას, რასაც სჩადის „რუსული ოცნება“, ამიტომ ჩვენ ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ამ პროტესტის გაჩერებას კი არა, უფრო მეტ მუხტს უნდა ველოდეთ. თუ შსს, სუსი ასეთ განცხადებებს გააკეთებენ, უფრო მეტად გააბრაზებენ ამ ხალხს და უფრო მეტ გაბრაზებულ ადამიანს მიიღებს თბილისის ქუჩებში.“ - განაცხადა იგორ ნარმანიამ.
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება: "აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მოვუწოდებთ დაემორჩილონ კანონის მოთხოვნებს. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
ასევე, იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ. სამართალდამცველების მიერ მათ მიმართ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება“.