ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი სახდეპის ანგარიშს გამოეხმაურა.
გიგი წერეთელის თქმით, საქართველო ყოველდღიურად ისმენს დასავლელი მეგობრების კრიტიკას და ამ თვალსაზრისით არც სახდეპის ანგარიშია გამონაკლისი.
მისივე თქმით, სახდეპის ანგარიში ძალიან მწვავეა და მასში მნიშვნელოვან უარყოფით მოვლენებზეა ხაზი გასმული.
„პირველ რიგში, ეს ეხება სასამართლო სისტემას და არსებულ კორუფციას - იმ ნდობას, რომელიც ფაქტობრივად საერთოდ არ არსებობს მის მიმართ და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს. სწორედ ეს არის ამ ხელისუფლების პოლიტიკა, დასავლეთისგან დისტანცირება და რუსეთთან დაახლოება.
ეს არ არის ის განცხადებები, რომლებიც მარტივად ჩაივლის, ამ განცხადებებს აკვირდებიან და კითხულობენ პოლიტიკური, თუ ბიზნეს წრეები და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან დიდ რეპუტაციულ ზიანს წარმოადგენს. ეს არ არის არანაირად ხელშემწყობი საქართველოსთვის რუსეთიდან თავის დახსნის საკითხში“ - თქვა გიგი წერეთელმა.