ნიკა გვარამია ნებისმიერ ცუდ საქმეს მოაწერს ხელს და ნებისმიერი ცუდი დავალების შემსრულებელი იქნება, ოღონდ ხელისუფლებაში მოტრიალდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, სწორედ ნიკა გვარამია არის უცხოური გავლენის აგენტი, რომელიც ყველაფერს ხელს მოაწერს.
„ყველაფერი გაშიფრულია – სწორედ ნიკა გვარამია არის უცხოური გავლენის აგენტი, რომელიც, რა თქმა უნდა, ყველაფერს ხელს მოაწერს. არ მოაწერა ხელი ტელევიზიის ხელში ჩაგდებას? – მოაწერა კიდეც და ხელშიც ჩაიგდო. ნიკა გვარამიას სიტყვები არ არის, საქართველოს ჯოჯოხეთს მოვუწყობო? – ფსიქოლოგიურად უწყობს კიდეც. გვარამია ნებისმიერ ცუდ საქმეს მოაწერს ხელს და ნებისმიერი ცუდი დავალების შემსრულებელი იქნება, ოღონდ ხელისუფლებაში მოტრიალდეს. შემდეგ კი, ეს ხელისუფლება ისე იქნება გამოყენებული, როგორც ეს „ნაციონალების“ დროს იყო – რეკეტი, ძარცვა, ადამიანების უკიდურესი ჩაგვრა. ეს იმ შედეგებით დასრულდება, რაც საქართველოს უკვე ერთხელ 2008 წელს დაუდგა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.